მევენახეები – უხარისხო პესტიციდების გამო მოსავლის 80% გაგვინადგურდა
შეხვედრა, რომელსაც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, ფერმერები, მევენახეები და შხამ-ქიმიკატების იმპორტიორები ესწრებოდნენ, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით გაიმართა.
ფერმერების და მევენახეების ინფორმაციით, ვენახის შესაწამლი უხარისხო შხამქიმიკატების გამო მოსავლის 80% განადგურდა. სოფელ ჩუმლაყის მკვიდრის, ნოდარ რუაძის განცხადებით, პრობლემის მოგვარების მიზნით აუცილებელია რეგიონის ყველა სპეციალიზებულ მაღაზიაში გაყიდვაში არსებული შესაწამლი ნივთიერებების ხარისხის ლაბორატორიული შემოწმება.
,,ჩვენი ერთ–ერთი დიდი პრობლემა არის ის, რომ შემოდის უხარისხო შხამქიმიკატები. ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდებით და ვერ შევძლებთ, რომ თავად შევამოწმებინოთ წამალი და ისე ვიყიდოთ, რადგან ადგილზე ლაბორატორიები არ არის. მე გასულ წელს 12–ჯერ შევწამლე ვენახი, მაგრამ უხარისხობის გამო მეც და ბევრ სხვა მევენახესაც გაგვინადგურდა მოსავლის 80%’’, – განაცხადა ოთარ რუაძემ.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ ფერმერებისათვის არსებითად მნიშვნელოვანია დაცული იყოს მათ მიერ გამოყენებული პროდუქციის ხარისხი, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სურსათის ეროვნული სააგენტოს აქტიური ჩართულობა.
როგორც knews.ge–ს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, გასულ წელს მოსავლის დაზიანება უხვი ნალექის გამო გაჩენილმა დაავადებებმა გამოიწვია. მისი განმარტებით, 2012 წლიდან შხამ–ქიმიკატების ხარისხის და სპეციალიზებული მაღაზიების მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს.
,,ჩვენი მონაცემებით, კახეთის რეგიონში ფუნქციონირებს 92 მაღაზია, სადაც აგროქიმიკატები და პესტიციდები იყიდება. ძირითადად ვიღებთ საეჭვო წარმომავლობის პესტიციდების ნიმუშებს და მათ ლაბორატორიულად ვამოწმებთ. მწარმოებელი ფირმა გარანტიას იძლევა მხოლოდ იმ პესტიციდზე, რომლებიც არის ორიგინალ შეფუთვაში. თუ შეფუთვა დარღვეულია, იქ შეიძლება დაფიქსირდეს წამლის ფალსიფიცირება ან გადარევა სხვა პრეპარატებთან. კახეთში შემოწმებების დროს დავაჯარიმეთ12 მაღაზია, რომელიც ძირითადად ეტიკეტირების წესის დარღვევას გულისხმობდა. მათ არ ჰქონდათ ქართულ ენაზე ეტიკეტი. გარდა ამისა, გასული წელი არაორდინალური იყო ამინდის მხრივ და შესაბამისად წვმების გამო გავრცელდა დაავადება ,,სოკო’’ და ,,ჭრაქი’’, რომელიც წყლის მოყვარულია. რა თქმა უნდა შარშან მოსავლის განადგურების ფაქტი შეიძლება დავაბრალოთ შხამ–ქიმიკატების უხარისხობას, მაგრამ, ასევე, პრობლემა შექმნა იმანაც, რომ ფერმერებმა და გლეხებმა ვერ მოახერხეს აგროვადებში მოსავლის შეწამვლა წვიმების გამო. ჩვენ პრობლემის მოსაგვარებლად ვაპირებთ, გავაძლიეროთ კონტროლი და ნიმუშების აღება. სამომავლოდ, ასევე, დაგეგმილია ტრენინგეის ჩატარება აგრომაღაზიების გამყიდველებისთვის, რათა მათ შეძლონ უკეთ კონსულტაციების გაწევა, რაც ძალიან დაეხმარება ფერმერს და მევენახეს,’’– განუცხადა knews.ge–ს ზურაბ ლიპარტიამ.