გომბორის უხელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა
აკრძალვები მოქმედებს მისაბმელიან, ნახევრად მისაბმელიან და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტომობილებზე. სპეციალური რეჟიმია დაწესებილი გომბორი-შუამთის მონაკვეთზეც. გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ავტომობილით გადაადგილებისას მოქალაქეებმა იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს”, – განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
არამდგრადი და უმეტესად ცივი ამინდები 17 თებერვლამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დილით თოვა შეწყდება, თუმცა ხვალ დღის მეორე ნახევრიდან განახლდება.
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად თოვლი, ზოგან ნისლია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით მოსალოდნელია 3-5 გრადუსი; ღამით -6 გრადუსი, მთაში -13 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში -16 გრადუსი.