რა ფაქტორები აფერხებს ქართული თაფლის ექსპორტს ევროპის ბაზარზე
მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ქართული თაფლი ევროპაში გასაყიდად ვერ გადის. ოფიციალური ინფორმაციით კი ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად თაფლზე მოთხოვნა 6%-ით იზრდება. მეფუტკრეები ევროპის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტს არარეალურად მიიჩნევენ.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრები ლალი სუხიტაშვილი 9 წელია, საკუთარი სახსრებით ფუტკარს აშენებს და ყოველწლიურად ნატურალურ 200 კილოგრამამდე თაფლს აწარმოებს. სუხიტაშვილი საფუტკრეში ანტიბიოტიკებს და ქიმიურ პრეპარატებს არ იყენებს, რაც ევროკავშირის ბაზრის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
მეფუკტკრე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ქართულ თაფლს ევროპის ბაზარზე დამკვიდრება გაუჭირდება. ის ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად ასახელებს ევროპელი დისტრიბუტორებისა და იმპორტიორების მოთხოვნას, რაც თაფლის მონოფლორულობას ანუ პროდუქციის ერთი მცენარისგან მიღებას ითვალისწინებს.
„საქართველოში ერთი მცენარისგან მიღებული თაფლი იშვიათია. ძირითადად პოლიფლორული – რამდენიმე სახეობის მცენარის ყვავილისგან მიღებული თაფლი იყიდება. თუ მეფუტკრეები ევროკავშირის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, ქართული თაფლი აუცილებლად გავა ბაზარაზე“, – ამბობს სუხიტაშვილი.
კისისხეველი მეფუტკრე ფიქრობს, რომ ხელისუფლება მეწარმეებს თაფლის ევროპის ბაზარზე გატანაში უნდა დაეხმაროს, რაც ერთი მხრივ ფინანსურ დახმარებას და მეორე მხრივ აქტიური საინფორმაციო კამპანიების წარმოებას გულისხმობს.
„მეფუტკრეებს არ აქვთ ინფორმაცია, თაფლმა რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, რათა ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს. მაგალითად, თაფლი რომ გავიდეს ევროპის ბაზარზე საჭიროა, რომ ის იყოს უფრო მდგრად ჭურჭელში, რომლის ღირებულებაც საკმაოდ ძვირია. ეს ერთ–ერთი მოთხოვნაა. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება დაეხმაროს მეფუტკრეობის კოოპერატივებს“, – აღნისნავს ლალი სუხიტაშვილი.
ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე, სადაც მკაცრად არის გაწერილი აკრძალული ნივთიერების დასაშვები რაოდენობები, ქართულ თაფლი ევროკავშირის ბაზარზე ვერ გაიყიდება. მეფუტკრეები მიუთითებენ, რომ აპრატურა, აპარატურა, რომელსაც თაფლში ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენების დადგენას სჭირდება, საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს. თაფლი სერტიფიკატის მისაღებად ევროპულ ლაბორატორიაში უნდა გაიგზავნოს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე კახა სოხაძე განმარტავს, რომ თაფლის ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტის განხორციელებისთვის მეფუტკრე ვალდებულია:
დარეგისტრირდეს სურსათის მწარმოებელ ბიზნესოპერატორად, დაიცვას თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2015 წლის იანვარში დაამტკიცა.
„რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს თაფლის მიმართ, თაფლის მარკირებისა და ეტიკეტირების შესახებ, თაფლის ბაზარზე განთავსების პირობების შესახებ, მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ, თაფლის შესაბამისობის კონტროლის პროცედურებს. დოკუმენტი განსაზღვრავს ბაზარზე თაფლის განთავსების პირობებსაც. რაც ყველაზე მთავარია, თაფლი ფარმაკოლოგიურად არ უნდა იყოს დაბინძურებული, რაც გულისხმობს თაფლში ანტიბიოტიკების, საკვები დანამატების და სხვა საკვები ინგრედიენტების დამატებაწ. ბაზარზე განთავსებული თაფლი მიღებული უნდა იქნეს ჯანმრთელი ფუტკრისგან და გამოდიოდეს ფუტკრის ინფექციური დაავადებების მხრივ კეთილსაიმედო მეურნეობიდან (რეგიონიდან). უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მაჩვენებლებს; ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“, – ამბობს კახა სოხაძე.
მეფუტკრეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხარისხის გარდა, ქართული თაფლის ევროპის ბაზარზე დამკვიდრება შესაძლოა მისმა ღირებულებამაც გაართულოს. ამჟამად საქართველოში წარმოებული 1 კილოგრამი თაფლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 10-დან 25 ლარის ფარგლებში მერყეობს. ევროკავშირში 1 კგ არგენტინული თაფლის ღირებულება დაახლოებით 3 ევროა. იმავე ფასად იყიდება მექსიკური და ავსტრალიური თაფლიც. ჩინური თაფლი კი კიდევ უფრო იაფი, დაახლოებით 2 ევრო ღირს.
„შესაძლოა გავიდეს ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ ადგილი ვერ დაიმკვიდროს სიძვირის გამო. თუ ქართული თაფლის ფასი ევროპის ბაზარზე იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე, მაშინ პროდუქციის გაყიდვას აზრი არ ექნება“, – აცხადებს მეფუტკრე ლალი სიხიტაშვილი.
მეფუტკრეობის განვითარების მიზნით მთავრობამ 2015 წლის სექტემბრიდან მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 700 000 ლარია გამოყოფილი. სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კოოპერატივებს სკების, თაფლის საწურისა და თაფლის შესანახი ავზების გარდა, გადაეცემა ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის სანათლის ავზით.