ნაცმოძრაობა – თელავში მცხოვრებ დევნილებზე საცხოვრებელი ფართის გაცემა შეჩერებულია
ბოტკოველის მტკიცებით, დევნილების აღნიშნული პრობლემით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.
,,როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, მათ ძირითად პრობლემას 2012 წლიდან მოყოლებული საცხოვრებელი ფართების დაკანონება წარმოადგენს. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი დაიწყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეჩერდა. ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2012 წლიდან პირდებოდა ამ ხალხს, რომ გაგრძელდებოდა ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და ხალხისთვის სამი კორპუსი უკვე დაკანონებულია. არჩევნების დროს ,,ქართული ოცნების„ წარმომადგენლები დადიოდნენ კარდაკარ და დევნილებს პირდებოდნენ, რომ გამარჯვების დღიდან დაიწყებდნენ მათთვის სახლების დაკანონებას. ამ ხალხს არჩევნების შემდეგ არცერთი მათგანი თვალით არ უნახავს. დღეს ეს ხალხი არის შეურაცხყოფილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. არცერთ დღეს არ მივცემთ მოსვენებას არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას. მათ და მათ უნდა გასცენ პასუხი თავის ამომრჩეველს, რას აპირებენ და გააკეთებენ, თუ არა იმას რასაც ამ ხალხს შეპირდნენ’’, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
ქალაქ თელავის მერიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას უარყოფენ. პლატონ კალმახელიძის უწყებაში აცხადებენ, რომ დევნილებისთვის ბინების დაკანონების საკითხზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და გარკვეული საკითხები უკვე მოგვარებულია.
,,ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე. აქამდე გადადგმულია მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები. მერიის ინიციატივით შექმნილმა დროებითმა კომისიამ შეკრიბა აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები ფაქტობრივი მაცხოვრებელების ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც უკვე გადაეცა თავდაცვის სამინისტროს, რადგან მის ბალანსზეა ეს შენობები. ახლა სამინისტროში მიმდინარეობს ინდივიდუალურად მსჯელობა მოსახლეობისთვის ფართის დაკანონებაზე. ჩვენ ყველას ვპირდებით, რომ უახლოეს მომავალში ყველა მობინადრე დაუკანონდება ბინა, რომელმაც საბუთები წარმოადგინა’’, – განაცხადეს ქალაქ თელავის მერიაში.