სტატიები

რძის პროდუქტების მწარმოებლებს ეტიკეტირების წესების დაცვა მოუწევთ

ის ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და ამ პროდუქტების წარმოების, ეტიკეტირებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს არეგულირებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყველის ეტიკეტირებისას მწარმოებელმა უნდა მიუთითოს შემდეგი მონაცემები: დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საწარმოს აღიარების ნომერი, პროდუქციის შემადგენლობა, სტანდარტის ნომერი, დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები, ენერგეტიკული ღირებულება 100 გრ პროდუქტში და მასა.
სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის კახა სოხაძის განცხადებით, ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ბიზნესოპერატორების მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
,,ეტიკეტირების წესების დაცვა ეხება ყველას, ვისი წარმოებული პროდუქციაც შედის სამომხმარებლო ბაზარზე. ფერმერს, რომელიც რძის პროდუქციას აწარმოებს, მარტივად შეუძლია ამობეჭდოს რამდენიმე სიტყვა და ეტიკეტი პროდუქციას მიაკრას, რომელიც მის მიერ წარმოებულ პროდუქტზე მყიდველს ინფორმაციას სრულად მიაწვდის”, – განაცხადა კახა სოხაძემ.
ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისა და ხელმოწერის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მთავარი ვალდებულება ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა.
სააგენტოს თანამშრომლები ამოწმებენ როგორც მსხვილ სავაჭრო ობიექტებს, ასევე სასურსათო მაღაზიებს, სადაც რძის პროდუქტები იყიდება. 
სახლის პირობებში დამზადებულ პროდუქტზე კი კოდექსის მოქმედება 2020 წლის 1-ელ იანვრამდე არ ვრცელდება, თუმცა გარკვეული სტანდარტების დაცვა ამ ეტაპზე მათაც მოუწევთ. knews.ge–მ მაღაზიებში, ამ ეტაპზე, საოჯახო მეურნეობებში წარმოებულ პროდუქტებზე, როგორიცაა რძე, მაწონი, ყველი, კარაქი და სხვა, ვერ მიაკვლია ეტიკეტებს, რომლებზეც ახალი წესები იქნებოდა დაცული. 
ფერმერების უმრავლესობა ირწმუნება, რომ სახლის პირობებში წარმოებულ ყველს შემოწმება არ სჭირდება. მეწარმე ნანა თევდორაზე რძის პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ ფერმერების ინფორმირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. 
,,რეგულაციები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსულ პროდუქტზე უნდა გამკაცრდეს. დაბალი ხარისხის პროდუქცია იყიდება ბაზარზე. მანამ სანამ დაგვაჯარიმებენ, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება იმაზე, თუ რა არის საერთოდ ეტიკეტირება, რა ევალება მწარმოებლებს და სხვ საჭირო ინფორმაციაა”, – ამბობს ნანა თევდორაძე.
სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი რძის მწარმოებლებისათვის რეგულაციების დაწესებას დადებითად აფასებს. ოთარ დანელია ფიქრობს, რომ რძის ნაწარმზე ახალი რეგულაციების დაწესების მიზანია მომხმარებელის ინფორმირება აღნიშნული პროდუქტების შესახებ. 
,,ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება და ეს არის ალბათ ის, რაზეც ძალიან ბევრი მომხმარებელი დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ სამართალიანად აპროტესტებდა აღნიშნული რეგლამენტის არქონას. მომხმარებელმა უნდა იცოდეს რას ყიდულობს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
რეგლამენტის მიხედვით, მეწარმე, რომელიც რძეს თერმულად ამუშავებს, ვალდებულია, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილები სისტემა (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points), რომელიც რომელიც სურსათით გამოწვეული საფრთხეების დადგენასა და მათ პრევენციას ემსახურება. შესაბამისად რძის გადამამუშავებელი კომპანია, მათ შორის ყველის მცირე საწარმო, ვალდებულები იქნება, მკაცრად აღნუსხოს პროდუქციის ყველა მომწოდებელზე ინფორმაცია, მიღებული ნედლეულის ხარისხი და წარმოებაში უვნელობის სტანდარტები დაიცვას.