სოფელ წინუბანში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა
როგორც knews.ge–ს ახმეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან მარჩილაშვილმა განუცხადა, დაწესებულება 40 აღსაზრდელზეა გათვლილი და აღჭურვილია ახალი ტექნიკით, სველი წერტილებითა და ავეჯით. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა სადრენაჟო სისტემა.
მარჩილაშვილის ინფორმაციით, ბაღის მშენებელობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობისათვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 174 ათასი ლარი დაიხარჯა.
ახლადაშენებული ბაღი კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ახალი საბავშვო ბაღის გახსნამდე რამდენიმე თვის განმავლობაში წინუბანში სკოლამდელი დაწესებულება არ ფუნქციონირებდა. წლების განმავლობაში საბავშვო ბაღი კერძო სახლში იყო განთავსებული.