ტიბაანელი მანჩო ხატიაშვილი ყველს საფერავსა და თაფლში აძველებს
მან გააგრძელა საკუთარი დედის მიერ დაწყებული საქმიანობა. ყველის საწარმო „ტიბააური“ კი მისმა პაპამ, ჯემალ ხატიაშვილმა 2008 წელს დააარსა. მანჩო პირველი კურსის სტუდენტი იყო, როდესაც ოჯახში დაყენებულ საფერავში ყველი დააძველა, თავად მოიძია პროდუქციის გასაღების ბაზარი და ყველი „ტიბაანური“ ბრენდად აქცია. მანჩო ირწმუნება, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია უნიკლაურია.
„პაპაჩემმა ჯემალ ხატიაშვილმა შექმნა ეს საწარმო და მისი შვილები ჩაერთვნენ ამ საქმიანობაში. რამდენიმე წლის წინ მამაჩემი გარდაიცვალა და დედაჩემმა დაიწყო ეს საქმიანობა. მთელი ოჯახი ჩართულები ვიყავით ამის განვითარებაში, ტიბაანური ყველი განვითარებულიყო საქართველოში. პაპაჩემი არის მევენახე და მას აქვს ვენახები. ჩვენი საწარმო არის ტიბაანში და ყველსაცვ ამიტომ ჰქვია ტიბაანური. 18 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მე გავიტანე ბაზარზე ტიბაანური ყველი, დისტრიბუციის გზები მე მოვიძიე. იყო ისეთი მომენტები, როცა ზამთარში არ იყო გათენებული და დილის 8 საათზე ვხვდებოდი სამარშრუტო ტაქსს, ვართმევდი ჩემს გამოტანებულ ყველს, ხელით ვფუთავდი და მიმქონდა მაღაზიებში. საფერავში დაძველებულმა ყველმა ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა. საფერავში ყველის დავარგება ბიძაჩემის გიორგი ხატიაშვილის იდეა იყო. ამ პროდუქტის ანალოგი საქართველოში არ არსებობს“, – ამბობს მანჩო ხატიაშვილი.
მეწარმე ყველს თაფლშიც აძველებს. თაფლში ყველის დაძველების იდეა მანჩოს დედას ეკუთვნის. ყველს ორი ტექნოლოგი ერთი კვირის განმავლობაში ამზადებს. მზა პროდუქციის დაძველების პროცესი კი დაახლოებით 50 დღის განმავლობაში მიმდინარეობს.
„ბავშვობაში ხშირად ვიყავი ბებიასთან, ვჭამდი ხოლმე გუდის ყველში ამოვლებულ თაფლს და ძალიან მომწონდა. ყველის თაფლში დაძველების იდეა დედას ეკუთვნის. ადრე ჩვენი წინაპრები მსგავს ყველს აკეთებდნენ ხოლმე. ყველს ორი ტექნოლოგი, თემურ გრიგალაშვილი და ნატო გოგოჭური ფრანგული ტექნოლოგიით ამზადებენ. ყველის დამზადება გრძელდება ერთი კვირა. ყველი რომ მზადდება, გარკვეული პერიოდი ვაჩერებთ და შემდეგ ვაძველებთ 40-50 დღის განმავლობაში“, – აღნიშნავს ხატიაშვილი.
ყველი „ტიბაანური“ თბილისის ბევრ მაღაზიასა და რესტორანში იყიდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტიბაანელ მეწარმე საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას არ გეგმავს და მიზეზად ევროპის ბაზარზე დიდ კონკურენციას ასახელებს.
„არ ვაპირებ, რომ ჩემი პროდუქცია ექსპორტზე გავიტანო, რადგან შესაძლოა ამ პროდუქციას ბაზარზე დამკვიდრება გაუჭირდეს. მაგალითად საფრანგეთში სამასზე მეტი ყველი იწარმოება და შესაბამისად რთული იქნება ყველის რეალიზაცია“, – აცხადებს ტიბაანელი მეწარმე.
მანჩოს საფერავსა და თაფლში დაძველებული ყველი საქპატენტში უკვე დარეგისტრირებული აქვს. ის მომავალში ბიზნესის გაფართოებას და ტურისტული ცენტრის ჩამოყალიბებას აპირებს, სადაც ტურისტებს ტიბაანური ყველისა და ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ.
„ვფიქრობთ რაოდენობის გაზრდას. მოთხოვნილება იმდენად დიდია, რომ ყველა მომხმარებელს ვერ ვაკმაყოფილებთ. ჩვენ ხარისხზე ვართ ორიენტირებულნი. ტურისტებისთვის ვაპირებ ტურისტული ზონის შექმნას, რომლის მიზანი რაიონში ტურიზმის განვითარება იქნება. ტურისტები ჩვენს პროდუქციას დააგემოვნებენ“.