,,გოგოს არც კი ეკითხებიან რა უნდა, ძალით ათხოვებენ” – კახეთის ბოშათა გაერთიანების ხელმძღვანელი
მარტყოფლიშვილის განცხადებით, ბოშა გოგოებს 13-14 წლისებს ათხოვებენ ისე რომ მას არც ეკითხებიან რა სურს.
,,ქორწილის პირველ ღამეს თუ კი არ მოხდა სქესობრივი აქტი წყვილს შორის, გოგო მიყავთ წინასწარ ამ საქმისთვის შერჩეულ ქალთან, რომელიც საქალწულე აპკს ხელით არღვევს. ეს მინდა ყველამ გაიგოს, რადგან ეს დანაშაულია, რომელიც დღემდე ხდება ბოშათა თემში! ჩემს გოგოებსაც ასე გაუკეთეს და გეფიცებით, მე ვერ გავწიე წინააღმდეგობა მაშინ, რადგან ამ თემში ვცხოვრობდი და ალბათ, ჩემი ქმარი მომკლავდა ეს რომ გამეკეთებინა. ორგანიზაციის დაარსების შემდეგ დავიწყე ამ თემაზე საუბარი თემში, რომ ეს არ შეიძლება. მე ჩემი შვილები ვერ დავიცავი ამისგან და ვერც იმისგან, რომ 13 წლისები არ გათხოვილიყვნენ, მაგრამ იქნებ შევძლო და ჩემი შვილიშვილები მაინც დავიცვა, რომ დროთა განმავლობაში ეს საშინელება აღარ ხდებოდეს? მეც 14 წლის გავთხოვდი სიყვარულით, 8 კლასიც არ მქონდა დამთავრებული. მე დედოფლისწყაროდან ვარ, ის ბოშა იყო გურჯაანიდან. დედოფლისწყაროში მუშაობდა და იქ გავიცანი. ოჯახში რომ ფული შეგეტანა, უნდა გემათხოვრა, გემკითხავა ან გევაჭრა. სწავლაზე არაფერი მითხრეს, მაგრამ რაიმე სამსახურში მუშაობა ამათთან სირცხვილი იყო”.
ვენერა მარტყოფლიშვილი წლების განმავლობაში დედოფლისწყაროში, სოფელ ლენინოვკაში ცხოვრობდა. რამდენიმე წლის წინ, მან უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ერთ–ერთი ორგანიზაციის დახმარებით კახეთის ბოშათა გაერთიანება დააფუძნა. იგი, ამ ეტაპზე გარდაბანში ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ კახეთში, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ შესაბამისი მასალა გამოაქვეყნა. ყვარელში გოგონების წინდაცვეთის ფაქტები დაასტურა სახალხო დამცველის აპარატმაც. ქალთა წინდაცვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ცვლილებების თანახმად, ქალთა წინდაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.
,,ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთარებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.