სოფელ არბოშიკში ციფრული ტელემაუწყებლობა ჩაირთო
22 ქართული ტელე-არხის ტრანსლაციას კომპანია სტერეო+ უზრუნველყოფს. სიგნალის მისაღებად საჭიროა ტელევიზორზე ე.წ. „სეტ თოპ ბოქსის“ მიერთება.
სტერეო+ის გენერალური დირექტორის დავით ზილფიმიანის განმარტებით, არბოშიკი და მსგავსი დასახლების სოფლები შედიოდა ე.წ. ჩრდილების ზონაში, რის გამოც დამატებითი ანძის დადგმა გახდა აუცილებელი. მისი განცხადებით, არბოშიკის ანძიდან სიგნალის მიღებას მეზობელი სოფლების: ოზაანის, მირზაანის და ზემო მაჩხაანის მცხოვრებლებიც შეძლებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი გადამცემი დგას, დედოფლისწყაროში არსებული სატელევიზიო ანძიდან ეს სოფლები მაინც ვერ ახერხებენ სიგნალის მიღებას, რადგან სპეციფიური რელიეფის გამო ამ ტერიტორიაზე ჩრდილები წარმოიქმნება. ამიტომ, უკვე რამდენიმე თვეა, ამ სოფლებისთვის ანძის დადგმაზე ვმუშაობდით. ასეთი ზონები სხვა რაიონებშიც გვაქვს და ვცდილობთ ეტაპობრივად ამოვავსოთ და სრულ დაფარვას მივაღწიოთ“, – განუცხადა ,,ქიზიყს” დავით ზილფიმიანმა.