სტატიები

19 წლის ტიბაანელმა მეწარმემ საკუთარი ბრენდი ,,ბუტრანა” შექმნა

ჯემალი ამჟამად 2 სახეობის ღვინოსა და 4 ტიპის ყველს ამზადებს. ერთი სახეობის ყველის შექმნა საკუთარ ფანტაზიას მიანდო. ახალგაზრდა მეწარმე რეგიონში აგროტურიზმის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავს.
გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს ახალგაზრდა მეწარმესთან, რომელიც knews.ge-მ ჩაწერა. 
-როდის დაიწყეთ თქვენი საქმიანობა, რა იყო ამ ბიზნესის წამოწყების წინაპირობა, როგორ გაჩნდა ღვინისა და ყველის ბრენდის შექმნის იდეა?
-ჩემი ამ საქმისადმი ინტერესი გაჩნდა 14 წლის ასაკიდან, როდესაც პირველად დავწურე ყურძენი და დავაყენე ღვინო. პირველად დაყენებული ღვინო გავხსენი 3 წლის შემდეგ და გავასინჯე ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს. აღმოჩნდა, რომ ძალიან გემრიელი იყო, მოწონება დაიმსახურა, რის შემდეგადაც გადავწყვიტე, ჩამომესხა ღვინო, რომელიც ყველასთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. 
რაც შეეხება ყველს, ეს იყო ოჯახური საქმიანობა და მინდოდა, ღვინისა და ყველის წარმოება გამეერთიანებინა, დამეძმობილებინა ეს 2 დიდი პროდუქტი.
-რას ნიშნავის თქვენი ბრენდის სახელწოდება – ბუტრანა?
– სახელწოდება ,,ბუტრანა“ ნიშნავს სოფელ ტიბაანთან მდებარე ვენახებს, რომელიც კახეთში ერთ-ერთი უძველესია. იქ მოყვანილი ყურძენი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
-რამდენი სახეობის ღვინოს და ყველს ამზადებთ დღესდღეობით, როგორ ახდენთ ორი პროდუქტის რეალიზაციას?
-ამ ეტაპზე 2 სახის ღვინოს ვაწარმოებ, საფერავსა და რქაწითელს. ჩემი ღვინოების დამზადების ტექნოლოგია სრულად ქიზიყურ ტრადიციებზე არაქარხნულ მეთოდზეა დამყარებული.
რაც შეეხება ყველს, ვამზადებთ 4 სახეობას, ესენია – საფერავში დავარგებული ყველი, რომელსაც დამატებული აქვს ფრანგული ყველის კამემბერის კეთილშობილი ობი, ეს არის ყველი ”ტიბაანური”, მესამე სახეობაა თაფლში დავარგებული ყველი და ბოლოს, თათარაში დავარგებული ყველი, რომელიც განსაკუთრებულად გემრიელია ჩაისთან და ყავასთან.
-სად შეუძლია დაინტერესებულ პიროვნებას თქვენ მიერ ნაწარმოები პროდუქტების შეძენა?
-ამ ეტაპზე, ,,ბუტრანას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ყველის სახლში ფალიაშვილის #7, პაპრიკაში და ქართულ ნატურალურ ნობათში. სამომავლოდ, ვაპირებთ საფირმო მაღაზიის გახსნას.
-რას გეგმავთ მომავალში?
-ვაპირებ ბიზნესის გაფართოებას რაშიც დიდი იმედი მაქვს სახელმწიფო სტარტ აფ პროგრამების, აწარმოე საქართველოში და სხვა. ასევე, ვგეგმავ საკუთარი პროდუქტების ექსპორტზე გატანას. უკვე დავამზადე ახალი სახეობის თათარაში დაძველებული ყველი, რომელიც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. მინდა, რომ აგროტურიზმში აქტიურად ჩავერთო.
,,ბუტრანას“ ბრენდი საუკეთესო ქართული პროდუქტების ხუთეულში მოხვდა. ახალგაზრდა მეწარმე “ჰასპის” სტანდარტის დანერგვას გეგმავს, რის შემდეგაც ღვინოსა და ყველს საზღვარგარეთ გაიტანს.