ღორების სადგომების რეგისტრაცია და სანომრე ნიშნების გაკეთება ფერმერებისთვის უფასო იქნება
ადგენილების მიხედვით, ფერმერმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რომელიც პირუტყვის გადაადგილებას, დაკარგვას, დაკვლასა და სხვა საკითხებს შეეხება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ავალიანი განმარტავს, რომ ღორების სადგომების რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია ღორების აღწერას და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განთავსებას გულისხმობს. ავალიანი ირწმუნება, რომ ფერმერებს გადასახადის გადახდა არ მოუწევთ და ღორების სადგომების რეგისტრაცია და სანომრე ნიშნების გაკეთება უფასო იქნება. პროცედურებს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახური.
,,დადგენილება მორგებულია ქართულ რეალობას. ღორების სადგომების რეგისტრაცია გულისხმობს ღორების აღწერას საქართველოს მასშტაბით და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განთავსებას. ვეტერინარიის სამსახურს გვექნება მონაცემები ქვეყანაში არსებული ღორების სადგომების შესახებ, გვეცოდინება, რა რაოდენობის ღორია ქვეყანაში და სად უნდა მივიდეს სააგენტოს თანამშრომელი მისი დაავადების შემთხვევაში რათა მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება. რა შეეხება იდენტიფიკაციას, ითვალისწინებს საყურე ნიშნების შემოღებას. ეს არ ეხება ყველა ღორს, ეხება იმას, რომელიც დაექვემდებარება რეალიზაციას და გადაადგილებას. ეს ყველაფერი ეტაპობრივად განხორციელდება, რათა ფერმერს ერთბაშად არ მოუწიოს ყველა ღონისძიების განხორციელება“, – განუცხადა knews.ge-ს ლაშა ავალიანმა.
მისივე მტკიცებით, მთავრობის დადგენილება №548 დაავადებებზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს და ის ხორცზე ფასის მომატებას არ გამოიწვევს.
,,აღნიშნული დადგენილება არ ითვალისწინებს გადასახადების შემოღებას, არ არსებობს საფუძველი, რომ ღორის ხორცი გაძვირდება, ეს მოსაზრება რეალობას მოკლებულია. შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან დავიწყეთ მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია, რომელსაც არ მოყოლია ფასის ზრდა“, – აღნიშნავს ავალიანი.