ევა ლომთაძე – ლაგოდეხის საკრებულომ ქალაქში ყვავილებს ომი გამოუცხადა
მისი მტკიცებით, წარმომადგენლობითი ორგანო გეგმავს ყვავილებით გარემოვაჭრეებს საქმიანობა აუკრძალოს და ვაჭრობის ალტერნატიულ ადგილად ქალაქიდან მოშორებული ბაზარი შესთავაზოს. ევა ლომთაძის აზრით, ყვავილებით გარევაჭრობის აკრძალვით ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„დაუშვებელია, რომ ყვავილებით გარემოვაჭრეები გადავიდნენ ქალაქის ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, რადგან ეს ადგილი საკმაოდ მოშორებითაა. ის ადგილი კი, სადაც ეს ადამიანები ყვავილებს ყიდიან, გაცილებით ადვილად ხელმისაწვდომია. ყველასთვის მოხერხებული ადგილია. გარდა ამისა, მეყვავილეები ქალაქისთვის ერთგვარ კოლორიტს ქმნიან. მე ბავშვობიდან მახსოვს, რომ ეს ადამიანები მუდმივად ამ ადგილზე ყიდიან ყვავილებს. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით დიდ სირთულეს შეუქმნის ბავშვებს, რადგან მათ საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გაიარონ ყვავილების შესაძენად. თვითმმართველობის ინიციატივაა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე განათავსონ სპეციალური ჯიხურები და იქ შეიყვანონ მეყვავილეები. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება იქნება ლაგოდეხელების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული“, – განუცხადა knews.ge–ს ევა ლომთაძემ.