თელავში მგზავრობა 1 ლარით გაძვირდა
მათი თქმით, ფასის გაზრდის პარალელურად მგზავრების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და ყოველდღიურად უფრო ნაკლები მოქალაქე გადაადგილდება ტაქსით.
,,საწვავი გაძვირდა და ჩვენც მგზავრობის ფასის გაზრდა მოგვიწია. ადრე 2 ლარი ღირდა ახლა 3 ლარამდე გავაძვირეთ. თუ კიდევ აიწია საწვავის ფასმა, ჩვენ კიდევ გაძვირება მოგვიწევს. ამის გამო მოსახლეობა აღარ სარგებლობს ტაქსებით და მთელი დღე ისე ვდგავართ. ამით ვჭამთ პურს და თუ მგზავრი არ იქნება, ოჯახების შენახვას ვეღარ შევძლებთ”,–განუცხადეს Knews–ს მძღოლებმა.
თელაველები მგზავრობის გადასახადის გაძვირებას უარყოფითად აფასებენ და ხელისუფლებას ქალაქში მონუციპალური ტრანსპორტის ამოქმედებას სთხოვენ.
,,ისედაც იშვიათად ვსარგებლობდი ტაქსით, რადგან მაშინაც ძვირი იყო. ახლა კიდევ გაძვირდა და ვინ გადაიხდის მაგ თანხას. ხალხს პურის ფული არ აქვს. კარგი იქნებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ქალაქში, შედარებით ნაკლები გადასახადის გადახდა მოგვიწევდა”, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მკვიდრმა ნინო ხაჭაპურიძემ.
თელავის მერიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება შეუძლებელია, რადგან ქალაქს არ აქვს საკმარისი საბიუჯეტო სახსრები.
,,სწორად დაგეგმილ მუნიციპალურ ტრანსპორტს სჭირდება ახალი მანქანები, მოწყობილი თავისი გაჩერებები, დეპო და საჭირო ინფრასტრუქტურა, ეს კი დაკავშირებულია დიდ თანხებთან, რისი საშუალებაც მერიას არ აქვს”, – აღნიშნა თელავის ვიცე–მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა.