სტატიები

2017 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაუქმდება

პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად იღებდნენ გარკვეული რაოდენობის თანხას, რომელიც სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდებოდა. მომავალი წლიდან, საჭიროების შემთხვევაში, გამგეობებმა მოუწევთ უნდა მოითხოვონ თანხა და დაასაბუთონ მისი საჭიროება, რომლისთვისაც გარკვეული პროცედურის გავლა მოუწევთ. პროგრამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმმართველი ერთეულები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი ამბობენ, რომ სოფლის პროგრამა გაერთიანდა რეგიონალურ ფონდებთან და მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა პროექტების შერჩევის პროცესში.

,,სოფლის პროგრამა გაერთიანდა რეგიონალურ ფონდებთან. შემდგომში უკვე მუნიციპალიტეტები ვალდებულნი იქნებიან, ამ წესის შესაბამისად უზრუნველყონ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა პროექტების შერჩევის პროცესში, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ საბიუჯეტო სახსრები“, – განმარტავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა
გულედანი.

პროგრამის ეფექტურობაზე მოსახლეობის აზრი ორ ნაწილად იყოფა, თუმცა ორივე მხარე თანხმდება, რომ სოფლების განვითარებისა და მოსახლეობის ჩართულობის მხრივ ეს პროგრამა სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილება სოფლებს დააზარალებს და ინფრასტრუქტურული პროექტები აღარ განხორციელდება.

,,პროგრამები, რომელიც სოფლის განვითარებას შეუწყობს ხელს, არ უნდა გაუქმდეს. ეს პროგრამა გარკვეულწილად ეფექტური იყო, სოფლებში პრობლემები გვარდებოდა, ცენტრალურ გზებზე განათებები გაკეთდა, ბუნკერები დაიდგა, ბაღები გარემონტდა, წყლისა და გზების პრობლემებიც ნაწილობრივ მოგვარდა. ხალხის ინტერესი უფრო მეტად რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, აქამდე უფრო მეტი საქმე იქნებოდა გაკეთებული. ეხლა მითუმეტეს, საერთოდ აღარაფერი აღარ გაკეთდება, რაც უარყოფითად აისახება ყველა მაცხოვრებელზე“, – აცხადებს მანანა
გრძელიშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი ირწმუნება, რომ სხვა თვითმმართველი ერთეულებისგან განსხვავებით, თელავის თემს პრობლემა არ შეექნება, რადგან მთელი თანხა ისედაც მხოლოდ სოფლებზე ნაწილდებოდა.

,,სხვა მუნიციპალიტეტებს ქალაქზეც უწევთ თანხების განაწიჶლება, ჩვენ კი მხოლოდ სოფლებზე. 25 სოფელი გვაქვს თემში და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდებოდა თანხა, 6 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე, ყველაზე მეტი თანხა, 100 000 ლარის ოდენობით, სოფელ ყარაჯალაში იხარჯება. კონკრეტულად თელავის სოფლებისთვის არ შეიცვლება სიტუაცია თუნდაც აღარ იყოს ეს პროგრამა. გაზრდილია ჩვენივე ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხა სოფლებისთვის, რასაც ემატება რეგიონული ფონდის თანხა, რის საშუალებასაც გვაძლევდა სოფლის დახმარების პროგრამა. ვფიქრობ, დიდი ცვლილება არ იქნება და შევძლებთ, იმავე რაოდენობის თანხების გადანაწილებას სოფლებზე. რეგიონული ფონდიდან გამოყოფილი თანხა 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ჩვენი ბიუჯეტიდან სოფლებისთვის გამოჶყოფილი თანხა 400 ათას ლარამდე გაიზარდა,“ – განაცხადა ალექსანდრე შათირიშვილმა.

გამგეობებში აცხადებენ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრაჶმის გაუქმების შესახებ ამ ეტაპზე ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მისვლიათ.