კახელ მევენახეებს ჩაბარებული ყურძნის საფასური აუნაზღაურდებათ
მევენახეებს გიორგი სამანიშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდნენ. სამანიშვილის ინფორმაციით, თაღლითური დაჯგუფება, რომელმაც გლეხების მოტყუება სცადა, სამართალდამცავებმა საზღვარზე დააკავეს და ამ დროისთვის საქმეზე სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს.
„პირები, რომლებიც იბარებდნენ ყურძენს, აღმოჩნდნენ თაღლითება და კარგია, რომ ძალოვნებმა ისინი დროულად დააკავეს. ამოღებულია მათ მიერ დაწურული ღვინო და ყველა ადამიანი, რომელმაც მათ ყურძენი ჩააბარა, კუთვნილ თანხას აღნიშნული ღვინის რეალიზაციის შემდეგ მიღებს. თუმცა, ჩვენც და მევენახეებსაც მოგვიწევს, სასამართლოს დასრულებას დაველოდოთ“, – აღნიშნა სამანიშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანის მკვიდრ რონგო გოცირიძეს ინფორმაციით, მან 35 ტონა ყურძენი სოფელ შილდაში მდებარე ქარხანაში ჩააბარა, თუმცა ამ დრომდე კუთვნილი თანხა არ აუღია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თანხას 4 120 ლარს დროულად არ მიიღებს, ბანკთან პრობლემები შეექმნება და შესაძლოა საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩეს.
,,35 ტონა ყურძენი 80 თეთრად ჩავაბარე სოფელ შილდაში მდებარე ქარხანაში და კმაყოფილი ვიყავი. ბოლოს 10 ტონა ყურძენი მივიტანე. რამდენიმე პირმა ვინც იყიდა ყურძენი, მოგვცეს ჩეკი და გვითხრეს, რომ ფული 3 კვირაში დაგერიცხებათო. ამ დროდმე არაფერი აგვიღია. გავიგეთ, რომ მთავრობამ ეს ხალხი დააკავა. დაიჭირეს, მაგრამ ჩვენს ფულს რომელიც ასაღები გვაქვს რა ბედი ეწევა. მე 4 120 ლარი მაქვს ასაღები. 200 კაცამდე ვართ გრემის, შაქრიანის, ნაფარეულის მცხოვრებლები. ამ საკითხზე არჩევნებამდე ვესაუბრეთ დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი სესიაშვილს და დახმარებას დაგვპირდა. გვითხრა რომ ჩვენს კუთვნილ ფულს ავიღებდით, მაგრამ როდის? ბანკებიდან გვაქვს ფული გამოტანილი და პრობლემები შეგვექმნა, ვერ ვიხდით თანხას. ვთხოვთ სახელმწიფოს, დაგვეხმაროს რადგან ეს ერთობლივი პრობლემაა როგორც ხალხის, ისე მთავრობის,’’- განუცხადა Knews.ge-ს რონგო გოცირიძემ.
ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 200-ზე მეტმა მევენახემ გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია გამართა და ღვინის ქარხნებისათვის ჩაბარებული ყურძნის საფასურის ანაზღაურება ხელისუფლებისგან მოითხოვა. მევენახეების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ.