კახეთის რეგიონში რძის გადამამუშავებელი საწარმოები საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავენ
მათ, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან. ისინი ცდილობენ, რომ წარმოებაში სურსათის უვნებლობის ახალი, თუმცა ბევრ ქვეყანაში აპრობირებული სტანდარტები დანერგვონ.
საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ მხარდაჭერით, ფინანსური და ტექნიკური პრობლემების მოგვარება და HACCP-ის სისტემის დანერგვა რამდენიმე რძის გადამამუშავებელმა საწარმომ და მეცხოველეობის კუთხით მოქმედმა ბიზნესოპერატორმა მოახერხა, რითაც სურსათის ეროვნული სააგენტოსგან უვადო აღიარება მოიპოვა.
პროექტის ,,MOLI კახეთში“ ინიციატივით, ჟურნალისტებისთვის მედია ტური გაიმართა. 20-მდე სხვადასხვა მედია ორგანიზაციის ჟურნალისტმა მეცხოველეობის და რძის გადამამუშავებელი მცირე და საშუალო საწარმო მოინახულა.
პროექტის ,,MOLI კახეთში“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, ნესტან მერმანიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტი ,,MOLI კახეთში“ შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით უკვე მეხუთე წელია ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ემსახურება მეცხოველეობის დარგის განვითარებას რეგიონში.
,,პროექტის მიზანია მცირე ფერმერულ მეურნეობებს გაეზარდოთ შემოსავალი და განავითარონ ცხოვრების დონე. ასევე, გაუმჯობესონ პირობები პროდუქციის, მომსახურების, ინფორმაციისა და ბაზრის წვდომის, ასევე საარსებო გარემოს საშუალებით.
მცირე ფერმერებს ჩვენი პროექტი ფინანსურად არ ეხმარება. ჩვენ ვმუშაობთ რძის გადამამუშავებელი და საღერღი საწარმოების, ასევე, სასაკლაოებისა და ვეტერინარული მომსახურების ცენტრების განვითარების მიმართულებით. ამ ორგანიზაციების გაძლიერებით ფერმერებს ვთავაზობთ გაუმჯობესებულ პირობებს. პროექტმა, მცირე და საშუალო საწარმოების ჰიგიენის და სურსათის უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილების მიზნით 18 რძის საწარმო და 4 სასაკლაო ტექნიკურად აღჭურვა და გადააიარაღა, ერთმანეთთან დააკავშირა საწარმოები და საკონსულტაციო ცენტრები, რის შედეგადაც საწარმოებმა HACCP-ის სტანდარტი დანერგეს. აქედან 5-მა საწარმომ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან უვადო აღიარება მოიპოვა. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით გაძლიერებული საწარმოები ადგილზე დაათვალიერეს ჟურნალისტებმა და მიღებულ შედეგებს გაეცნენ,”– განაცხადა ნესტან მერმანიშვილმა.
პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფინანსური დახმარებით გაძლიერდა ქალაქ საგარეჯოში მდებარე ვეტერინარული მომსახურების ცენტრი. ორგანიზაცია წარმატებით მუშაობს ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით, როგორც მეღორეობაში, ასევე მესაქონლეობაში. ცენტრის ხელმძღვანელის, ეკა ბუზარიაშვილის განცხადებით, პროექტის დახმარებით მათ ექოსკოპიური აპარატი შეიძინეს და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა გააძლიერეს.
,,ექოსკოპიური აპარატი ჩვენთვის საჭირო იყო, რაგან აქამდე ვერ ვახერხებდით ბევრი დაავადების დიაგნოსტირებას. გარდა ამისა, ცხოველის მაკეობის დადგენა მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის, რათა მათ შემდგომი საქმიანობა ზუსტად დაგეგმონ. პროექტის ,,MOLI კახეთში” და კომპანია „ინვეტი“- ს დახმარებით გადმოგვეცა აღნიშნული აპარატი, რომლის გამოყენება დავიწყეთ აქტიურად მოტანის დღიდან. დღეში, საშუალოდ გვყავს 100 მომხმარებელი. ყველანაირი სახეობის ცხოველსა და ფრინველზე გვაქვს მომართვიანობა, ასევე არაგადამდები და ინფექციური დაავადებების კუთხითაც,”- განაცხადა ეკა ბუზარიაშვილმა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მცხოვრებმა გურამ ნადაშვილმა პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფინანსური დახმარებით საღერღი საწარმოს თანამედროვე აპარატებით აღჭურვა და გაფართოება მოახერხა, რამაც შემოსავლები გაზარდა და ახლა ფერმერებს სხვადასხვა კუთხით სრულ მომსახურებას სთავაზობს.
,,ათი წლის უკან პატარა საღერღი გავაკეთე, მქონდა ერთი დანადგარი, რომლითაც ვემსახურებიდი აქ მოსულ ფერმერს. საღერღის გახსნით საქმე გავუადვილე სოფელში მცხოვრებ ფერმერებს. ეხლა უკვე ვიღებთ ყველა სახის მარცვლეულს და ვღერღავთ საქონლისთვის. ,,მოლის” დახმარებით, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და გაძლიერებაზე მუშაობს, შევძელი საწარმოს გაფართოვება, შევიძინე დასამარცვლი აპარატი და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზე ფერმერებს, რადგან ხელით აღარ უწევთ დამარცვლა და დასაღერღად მოტანა,”- განაცხადა გურამ ნადაშვილმა.
გარდა ვეტერინარული ცენტრების და საღერღი საწარმოს აღჭურვისა, პროექტი ,,MOLI კახეთში“ აქტიურად მუშაობს რძის გადამამუშავებელი მცირე და საშუალო საწარმოების აღჭურვასა და გაძლიერებაზე. ქალაქ თელავში მდებარე რძის გადამამუშავებელმა საწარმომ ,,ოდლისი”, სადაც შვეიცარულ ყველს აწარმოებენ, აღნიშნული პროექტის დახმარებით წარმოებაში ევროპული დონის სტანდარტი დანერგა და სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მუდმივი აღიარება მოიპოვა. საწარმოს მთავარი ტექნოლოგის, გიორგი ყალამაშვილის თქმით, HACCP-ის სისტემის დანერგვით მათ მიერ წარმოებული პროდუქტი უსაფრთხო და ხარისხიანი გახდა.
,,საწარმო 2011 წელს ავაშენეთ და იმავე წელს დავიწყეთ პროდუქტის წარმოება. ეხლა ვაწარმოებთ 10 სახეობის შვეიცარულ ყველს, დღის განმავლობაში ვამზადებთ საშუალოდ 25 კილოგრამს. HACCP-ის სისტემის დასანერგად გავიარეთ სპეციალური ტრენინგები და ,,მოლიასგან” მივიღეთ ფინანსური დახმარება, რითაც შევიძინეთ სხვადასხვა სახის დანადგარი, რომელიც პროდუქციის მაღალი ხარისხით და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წარმოებაში გვეხმარება,”- განაცხადა გიორგი ყალამაშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის დახმარებით სურსათის უვნებლობის სამსახურისგან უვადო აღიარება მოიპოვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე რძის გადამამუშავებელმა საწარმომაც. მეწარმის, მიხეილ მათიაშვილის თქმით, პროექტის დახმარებით სხვადასხვა სახის დანადგარის შეძენა შეძლეს, რაც მათი საქმიანობის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანია.
,,სამი წელია მუშაობა დავიწყე და ვცდილობ, მოვიკიდო ფეხი ადგილობრივ ბაზარზე. ამ კუთხით მხარში გვიდგას და გვეხმარება პროექტი ,,MOLI კახეთში“, რომელმაც კარგი და სასარგებლო იდეა მოგვაწოდა, ამასთანავე ფინანსური დახმარება გაგვიწია. როდესაც მუშაობა დავიწყეთ, არ გვქონდა მანქანა-მაცივარი და მათი დახმარებით შევიძინეთ, რაც ჩვენი საქმიანობის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ფერმერებთან მუშაობის გაუმჯობესების კუთხით, მოვიფიქრეთ რომ გვეწარმოებინა სიმინდი და დამემზადებინა სილოსი. აქაც დიდი დახმარება გაგვიწია პროექტმა და შევიძინეთ სილოსის ასაღები აგრეგატი. წელს მივიღეთ პირველი მოსავალი და შევძელით სოლოსის დამზადება. რაც მთავარია ჩვენ შევძელით წარმოებაში HACCP-ის სისტემა დაგვენერგა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხშირად მოდიან და გვამოწმებენ, ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან თუ გინდა საქმიანობა გქოდეს იმ კუთხით, რომელიც საკვები პროდუქტის დამზადებას და რეალიზებას ითვალისწინებს, ნორმებს უნდა ექვემდებარებოდეს და სახელმწიფოს მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. ამ ეტაპზე სურსათის უვნებლობის სამსახურიდან გვაქვს დროებითი აღიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,”- განაცხადა მიხეილ მათიაშვილმა.
პროექტი MOLI კახეთში მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში სიღარიბის შემცირებას მეცხოველეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობით. პროექტი მუშაობს სამი მიმართულებით: ბაზრის წვდომა, წარმოება და ბიზნეს გარემო, ამასთან პროექტი იყენებს „აამუშავე ბაზრები ღარიბებისთვის“ (M4P) მიდგომას, რაც ხელს უწყობს მდგრადი ისეთი სისტემური ცვლილების დანერგვას, რომელიც საჭიროა მოწყვლად ქალ და მამაკაც ფერმერთა ყოფის გასაუმჯობესებლად და შემოსავლების გასაზრდელად.