კახელი ფერმერები ჩაბარებული ყურძნის ანაზღაურებას ითხოვენ
ყვარლის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – გრემის, შაქრიანის და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნაფარეულის და ფშაველის მოსახლეობა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
200-ზე მეტი მევენახე კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან შეხვედრას ითხოვს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანის მკვიდრ რონგო გოცირიძეს ინფორმაციით, მან 35 ტონა ყურძენი სოფელ შილდაში მდებარე ქარხანაში ჩააბარა, თუმცა ამ დრომდე კუთვნილი თანხა არ აუღია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თანხას 4 120 ლარს დროულად არ მიიღებს, ბანკთან პრობლემები შეექმნება და შესაძლოა საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩეს.
,,35 ტონა ყურძენი 80 თეთრად ჩავაბარე სოფელ შილდაში მდებარე ქარხანაში და კმაყოფილი ვიყავი. ბოლოს 10 ტონა ყურძენი მივიტანე. რამდენიმე პირმა ვინც იყიდა ყურძენი, მოგვცეს ჩეკი და გვითხრეს, რომ ფული 3 კვირაში დაგერიცხებათო. ამ დროდმე არაფერი აგვიღია. გავიგეთ, რომ მთავრობამ ეს ხალხი დააკავა. დაიჭირეს, მაგრამ ჩვენს ფულს რომელიც ასაღები გვაქვს რა ბედი ეწევა. მე 4 120 ლარი მაქვს ასაღები. 200 კაცამდე ვართ გრემის, შაქრიანის, ნაფარეულის მცხოვრებლები. ამ საკითხზე არჩევნებამდე ვესაუბრეთ დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი სესიაშვილს და დახმარებას დაგვპირდა. გვითხრა რომ ჩვენს კუთვნილ ფულს ავიღებდით, მაგრამ როდის? ბანკებიდან გვაქვს ფული გამოტანილი და პრობლემები შეგვექმნა, ვერ ვიხდით თანხას. ვთხოვთ სახელმწიფოს, დაგვეხმაროს რადგან ეს ერთობლივი პრობლემაა როგორც ხალხის, ისე მთავრობის,’’- განუცხადა Knews.ge-ს რონგო გოცირიძემ.
თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელობა რომელმაც მევენახეების ყურძენი ჩაიბარა გაქცევას აპირებდა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა ისინი საზღვარზე დააკავეს. მისივე თქმით, მევენახეები კუთვნილ თანხას აუცილებლად მიიღებენ.
,,ეს იყო თაღლითობა. როცა ამ საკითხზე ინფორმაცია შესაბამისმა სამსახურებმა გაიგეს, ისინი დააკავეს. მეც ვიყავი ინფორმირებული ამ საკითხზე. ახლა ვცდილობთ, ეს ფული ამოვიღოთ და მევენახეებს დავუბრუნოთ. ამ საქმეს მივყვები ბოლომდე და თანხის გარეშე არ დარჩებიან მევენახეები. მთავარია, რა ვადები დასჭირდება, ჯერ თანხის ამოღებას და შემდეგ დაბრუნებას,”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მევენახეების თქმით, იმ შემთხვევაში თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ.