სტატიები

გურჯაანში დავით თევზაძის პარტიის თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

როგორც knews.ge-ს ერთ-ერთმა დამკვირვებელმა თამთა ელიზბარაშვილმა განუცხადა, წინასაარჩევნოდ გაწეული სამუშაოს ანაზღაურებას თვეებია უშედეგოდ ითხოვს. მისივე ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, არჩევნების დღისით მუშაობის სანაცვლოდ თითოეულს 48 ლარი უნდა დარიცხვოდა.

,,ხელშეკრულების მიხედვით (რომლის ასლიც აღარ მოუციათ), დამკვირვებელს ხელზე უნდა აეღო 48 ლარი ერთი თვის მანძილზე. ერთი თვის გასვლის შემდეგ თამარ ბაწაშვილი, როემლიც პარტიის მაჟორიტარი იყო გურჯაანში, გვეუბნებოდა, რომ რადგან ბარიერი ვერ გადალახეს, ხელფასები ვერ დაირიცხა, რაც ხელშეკრულებაში მითითებული არ ყოფილა. როცა ვუთხარი, რომ მედიაში გაშუქდებოდა ეს ყველაფერი, მორალის კითხვა დაიწყო, რომ თურმე ჭიანჭველის სპილოდ გადაქცევა მინდა, და შემდეგ ტელეფონს თიშავდა. პარტიის წარმომადგენელი ნათია თევზაძე გვეუბნებოდა, რომ დამკვირვებლები ყველგან იყვნენ ამაზე ინფორმირებულები, მაგრამ იმუშავა ბევრმა მოხალისემ. როგორც ცესკოში გვითხრეს, დაფინანსება მხოლოდ იმ პარტიებს უნდა მიეღოთ, რომლებიც წინა არჩევნებზე გახდნენ კვალიფიციურები. გამოდის, რომ პარტიას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი”, – განაცხადა knews.ge-სთან თამთა ელიზბარაშვილმა.

პარტიის წარმომადგენლის, ნათია თევზაძეს ინფორმაციით, ყველა თანამშრომელმა იცოდა, რომ თუ პარტია ვერ გადალახავდა 3%-იან ბარიერს, დაფინანსებას ვერ მიიღებდა.
,,პარტიაში ყველა მოხალისედ მუშაობდა. მათ იცოდნენ, რომ თუ პარტია ვერ გახდებოდა კვალიფიციური, დაფინანსებას ვერ მივიღებდით. შესაბამისად, ვერც ხელფასებს გავისტუმრებდით. საქართველოს მასშტაბით ყველამ იცოდა, რომ ასეთი პირობები იყო, რაღა გურჯაანში შეიქმნა ეს პრობლემა“,-განაცხადა ნათია თევზაძემ.

თამთა ელიზბარაშვილის განცხადებით, აღნიშნული პრობლემა შეექმნა პარტიაში დასაქმებულ სხვა თანამშრომლებსაც.
,,ეს სიცრუეა, რომ ამბობენ თურმე ყველამ იცოდა. ეგ არც საქველმოქმედო ორგანიზაციაა და არც დიდი პრესტიჟი იყო მათ დამკვირვებლად მუშაობა. ყველამ იცოდა, რომ ეს პარტია ბარიერს ვერ გადალახავდა და მასეთი შეთანხმება არავისთვის იქნებოდა ხალსაყრელი”, – ამბობს თამთა ელიზბარაშვილი.