გურჯაანის და სიღნაღის რაიონული პროკურატურების ორგანიზებით მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა
შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურატურის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხის და საგარეჯოს შინაგან საქმეთა სამმართველოების, გამგეობების და რესურსცენტრების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი არასამთავრობოორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორმა ნინო ცაციაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე.
როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხის და საგარეჯოს რაიონებში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევი მიზეზები, სასჯელის სახედ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების საკითხი და პრევენციული ღონისძიებები.
,,პროექტის მიზანია აღნიშნულ რაიონებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება. გურჯაანის და სიღნაღის რაიონული პროკურატურების ორგანიზებით, ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და რაიონებში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით,”– განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.