ახმეტის გამგეობაში საახალწლოდ პრემია სავარაუდოდ არ გაიცემა
აღნიშნული საკითხი საკრებულოს დეპუტატებმა დღეს განიხილეს, თუმცა მხარი არ დაუჭირეს. საკითხის განხილვას საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა და გამგეობის თანამშრომლებისთვის საახალწლო პრემიების გაცემის საკითხი დააყენა. აღნიშნულ საკითხი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააპროტესტეს.
როგორც Knews.ge–ს საკრებულოს წევრმა ნუკრი ღუბიანურმა განუცხადა, დაუშვებელია პრემიის გაცემა მაშინ, როდესაც 2017 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 800 000 ლარით არის შემცირებული.
„ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულია 214 ათასი ლარი, გამგეობის თანამშრომლებისათვის კი ითხოვენ პრემიის გაცემას 73 000 ლარის ოდენობით. ჩვენ 2016 წლის ბიუჯეტში წინა წელს უკვე განვსაზღვრეთ სახელფასო ფონდი და პრემიის ოდენობა. საახალწლოდაც ითხოვენ პრემიას. ამდენი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანია. არ ჯობს, რომ ამ თანხით მათ დავეხმაროთ?“, – განუცხადა knews.ge–ს ნუკრი ღუბიანურმა.