ახალი ამბები

ევროკავშირის მხარდაჭერით „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ ფერმერთა სათათბიროს აფუძნებს

ფერმერთა ინტერესების უკეთ დაცვისა და საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობის მიზნით, ა(ა)იპ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ჩამოყალიბდეს ფერმერთა სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა გახდება მთავრობის მიერ ინიცირებული ისეთი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, რაც უშუალოდ ეხება ფერმერთა საქმიანობას, მათი, როგორც მეწარმის მდგომარეობის გაუმჯობესებასა თუ განვითარების ხელშეწყობას.
ფერმერთა სათათბირო ორგანო უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფერმერთა აქტიურ ჩართულობასა და მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას.
ფერმერთა სათათბიროს წევრობის მსურველი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
• აგრარულ სექტორში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერი რომელიც აწარმოებს და ყიდის საკუთარ პროდუქციას);
• მოქმედი კოოპერატივის წევრი/თავჯდომარე;
• აგრო საწარმოს ან დარგობრივი ასოციაციის წევრი/ხელმძღვანელი;
• წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე და ეკონომიკურ (ფერმერულ) საქმიანობას ახორციელებდეს შესაბამის ტერიტორიულ არეალში. 
ფერმერთა სათათბიროს შემადგენლობაში შევა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 58 მუნიციპალიტეტის 116 წარმომადგენელი. თოთოეული მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი იქნება 2 წევრით. აქედან ერთს დაასახელებს ა(ა)იპ. „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ საბჭო, მეორეს კი – თავად საბჭოს მიერ არჩეული წევრი. გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით, საბჭოს მიერ სათათბიროს წევრობაზე არჩეულმა პირმა უნდა დაასახელოს საწინააღმდეგო სქესის მეორე წევრი.
საბოლოო გადაწყვეტილებას სათათბიროს წევრად მიღების შესახებ იღებს ფერმერთა ასოციაციის საბჭო. 
„აცნობიერებენ რა ფერმერები იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი ყოველდღიურად დგანან, დროა, მათ თავად მიიღონ აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესში, რომელიც მათი, როგორც ფერმერის მომავალს განსაზღვრავს“, -განაცხადა ა(ა)იპ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.
სათათბიროს ორგანოს ფორმირება ა(ა)იპ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ პარტნიორი ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო“ აქტიური მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.