საგარეჯოში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
ფორუმი ჩატარდა პროექტის „ეკომიგრანტი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და ევროკავშირი. პროექტი განხორციელდა „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში.
როგორც knews.ge-ს ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის წარმომადგენლმა, ანა მოსიაშვილმა განუცხადა, ფორუმის მიზანს წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ახალგაზრდების ინტეგრაციის, საჭიროებების ადვოკატირებისა და შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა. ფორუმში მონაწილეობდა 70 ახალგაზრდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან. ფორუმს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
,,სამუშაო პროცესი მოიცავდა 5 სამუშაო ჯგუფის მუშაობას, მონაწილეები გადანაწილდნენ შემდეგ სამუშაო ჯგუფებში: განათლებისა და დასაქმების საკითხები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საკითხები, ჯანსაღი ცხოვრების წესის და გარემოსდაცვის საკითხები, ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივიზმის და ასევე ინტეგრაციის საკითხების სამუშაო ჯგუფები. ფორუმის პირველ ნაწილში მონაწილეებმა იმუშავეს პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებაზე, ხოლო მეორე ნაწილში იმსჯელეს გადაჭრის გზებზე. მონაწილეების მიერ მომზადებული ხედვა რეკომენდაციების პაკეტის სახით გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.
ძირითად პრობლემებად საგარეჯოელი ახალგაზრდებისათვის და მათ შორის ეკომიგრანტი ახალგაზრდებისათვის შესაძლებლობებისა და თავისუფალი დროის დაგეგმვის ალტერნატიული საშუალებების სიმცირე, რესურსებისა და მხარდაჭერის ნაკლებობა, ასევე ინფრასტრუქტურისა და შეხვედრის სივრცეების ხელმისაწვდომობის საკითხები დასახელდა”,-განუცხადა Knews.ge-ს ანა მოსიაშვილმა.