ახმეტისა და თუშეთის სოფლებში სივრცითი ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემა მუშავდება
აღნიშნული სქემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით, მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის საკითხებში. მისივე თქმით, აღნიშნული სქემა საქართველოს ეკოლოგიური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნის მდგრად განვითარებას განაპირობებს. მემორანდუმის მიზანია საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, ახმეტისა და თუშეთის მუნიციპალიტეტების, ასევე 12 სოფლის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავება.
„მემორანდუმი ითვალისწინებს ახმეტისა და თუშეთის 12 სოფლის სივრცით ტერიტორიულ მოწყობას. მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი შემუშავდება საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკის მიხედვით. გათვალისწინებული იქნება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეკოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და ა.შ. ამ ყველაფრის ინტეგრაციის საფუძველზე შემუშავდება დოკუმენტი, რომელიც იქნება საფუძველი რეგიონის განვითარებისა”,– განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთში ამ ეტაპზე, იყალთოს სივრცითი ტერიტორიულ დოკუმენტის შემუშავებაზე მიმდინარეობს მუშაობა.