ხორცპროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო ხდება
2017 წლის პირველი იანვრიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო ხდება. მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და საცალო ვაჭრობის ყველა ეტაპზე გავრცელდება. სურსათის ექსპერტთა ასოციაციის ხელმძღვანელი დალი წულაია მიიჩნევს, რომ ხორცპროდუქტების ეტიკეტირება აუცილებელია.
„ხშირად ხორცისა და ხორცპროდუქტების ხარისხი ძალიან დაბალია, ხოლო მათი შემადგენლობა – გაურკვეველი. ჩვენს ბაზარზე ხორცის სახელით იყიდება ისეთი პროდუქტი, რომელსაც ხორცის შემცვლელი უნდა ეწეროს, რადგან მისი შემადგენლობა არ შეესაბამება ნამდვილი ხორცის შემცველობას. სინამდვილეში ხორცის ნაცვლად ვყიდულობთ სოიოს შემცველ პროდუქციას, ან სხვადასხვა დარღვევასთან გვაქვს საქმე. საერთოდ, ხორცპროდუქტებში კუნთოვანი ქსოვილიც უნდა იყოს შერეული – კერძოდ, მყესები და ხრტილოვანი ქსოვილი, რომელთა შემცველობაც ნორმირებულია, მაგრამ ხშირად მათი რაოდენობა ძალიან მაღალია და ეს ეტიკეტზე არ არის აღნიშნული. მომხმარებელი ყოველ ნაბიჯზე ტყუვდება, რადგან ეტიკეტის წარწერები არ შეესაბამება პროდუქტის ჭეშმარიტ შემცველობას, ეს კი – ფალსიფიცირებაა“, – აღნიშნავს დალი წულაია.