ახალი ამბები

თელავს 45 ქვეყნიდან ემიგრანტები ეწვივნენ

შეხვედრას, რომელიც კახეთის ტურისტული პოტენციალის გაცნობას შეეხებოდა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მინისტრის გელა დუმბაძეს განცხადებით, მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს ემიგრანტებისთვის ტურისტული და სხვა მიმართულებით ქალაქების განვითარების პოტენციალის გაცნობას. 
,,კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიც არის ლევილის მამული და მისი მომავალი, ასევე დიასპორა და განათლების პრობლემატიკა, ახალგაზრდობა და დიასპორული ინვესტიციები და სხვა. ჩვენებურების ჩამოსვლას საქართველოში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბევრმა მათგანმა დაიწყო ბიზნესი, ბევრი ჩართულია საგანმანათლებლო პროგრამებში და ჩვენ ყოველთვს ვცდილობთ, გავაღრმავოთ მათთან ურთიერთობები და კონტაქტი. ვესტუმრეთ კახეთს, ვნახეთ თელავში ერეკლე მეფის განახლებული სასახლე. ვულოცავ თელავს ამ მნიშვნელოვანი ძეგლის რეაბილიტაციას,”- განუცხადა knews.ge-ს გელა დუმბაძემ.
ღონისძიების მონაწილე ემიგრანტები მათ ჩართულობას მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვნად აფასებენ. მათი ინფორმაციით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასულ ემიგრანტებს ბევრი კარგი საქმის კეთება და პროექტებში ჩართვა შეუძლიათ, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ სამიზნე ჯგუფებისთვის სხვადასხვა სახის დახმარების შეთავაზებას.
,,20 წელია გერმანიაში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, იქ ვხელმძღვანელობ დიასპორულ ორგანიზაციას და მასთან არსებულ საკვირაო სკოლას. ეს ემსახურება გერმანიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ძალიან მიხარია, რომ ამ საქმეს ვემსახურები. ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ბევრი ქართველი გეგმავს სიბერეში აქ დაბრუნებას და გვინდა, ეტაპობრივად მოვიწყოთ ჩვენივე მომავალი. ბევრ საკითხებზე ვისაუბრეთ, დავგეგმეთ ბევრი ღონისძიებება. პრობლემები, რაც დღეს არსებობს, უნდა მოვაგვაროთ. ემიგრანტები, ჩვენი კონტაქტებითა და გამოცდილებით შეძლებისდაგავარად დავეხმარებით ჩვენს სახელმწფოს და მოსახლეობას ლოკალური პრობლემების გადაჭრაში. მასშტაბური პროექტებს რასაც მთავარობა განახორციელებს, მზად ვართ, მონაწილეობა აქაც მივიღოთ”, – განაცხადა გერმანიაში მცხოვრებმა დიანა ცერცვაძემ.