IWPR – ყვარლის რაიონის სოფლებში გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება
ამის შესახებ იტყობინება არასამთავრობო ორგანიზაცია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“ (IWPR) იტყობინება, რომლის ვებგვერდზეც ჟურნალისტ აიდა მირმაკსუმოვას შესაბამისი მასალა გამოქვეყნდა.
სტატიის თანახმად, ყვარლის რაიონში მდებარე თივის, სარუსოს და ჩანტლისყურეს სოფლებში ასობით გოგონა წინდაცვეთის პროცედურას გადის.
„საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა IWPR-ს, რომ მას ამ პრაქტიკის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდა და არც ერთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ან ადამიანის უფლებების დამცველ ორგანოს არ შეუტყობინებია, რომ ქვეყნის რომელიმე ნაწილში წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.
აიდა მირმაკსუმოვასთან საუბრისას მუფთი იასინ ალიევი ამბობს, რომ ისლამი გოგონებს წინდაცვეთას არ ავალდებულებს. თავის მხრივ, მეცნიერი პაატა იმნაძე დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აღნიშნავს, რომ წინდაცვეთის პროცედურა ზრდის ინფექციური დაავადების რისკს.
მასალის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აცნობა IWPR-ს, რომ უწყებაში პირველად გაიგეს საქართველოს ტერიტორიაზე წინდაცვეთის პრაქტიკის გამოყენების შესახებ.
„კახეთში მომუშავე არც ერთ ჩვენს განყოფილებას ამის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია. თუ ვინმე დახმარების თხოვნით მოგვმართავს, შესაძლებელი იქნება შემოწმების ჩატარება, თუმცა, აქამდე, არც ერთი საჩივარი არ შემოსულა“, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის წარმომადგენელი IWPR-სთან საუბარში ირწმუნება, რომ აღნიშნული საკითხის გამოძიება დაიწყება.
„გადავამოწმეთ თქვენი ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში და ინსტიტუტებში, ასევე სახალხო დამცველის ოფისში, თუმცა იქ მსგავსი ფაქტები ნახსენები არ არის. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველმა მზადყოფნა გამოთქვმა, ჩაატაროს მონიტორინგი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში და მოგვაწონოს შესაბამისი ინფორმაცია“, – აღნიშნეს საპარლამენტო კომიტეტში.
IWPR-ის მასალაში ნათქვამია, რომ გაერო წინდაცვეთის პრაქტიკის გამოყენებას ადამიანის უფლებების დარღვევად და ქალის დისკრიმინაციის უკიდურეს ფორმად მიიჩნევს.