გურჯაანის საკრებულოს ფრაქციებმა სახელწოდება შეიცვალეს
არცერთი ფრაქციის თავმჯდომარე არ შეცვლილა. ფრაქცია ,,გურჯაანს” კვლავ ავთანდილ ზარდიაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო ,,ფრაქციას ,,გურჯაანის აღორძინებისთვის“ ხელმძღვანელობს გია შაოშვილი. ფრაქციების თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგო 1350 ლარს შეადგენს.
გასულ კვირას ფრაქციის სახელწოდების შეცვლაზე საუბრობდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ,,რესპუბლიკური პარტიის” რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ზვიად ყვირალაშვილიც. მისი განცხადებით, დავით უსუფაშვილთან და თანამოაზრეებტან ერთად სამოქმედო გეგმის შემუშავებას გეგმავს.
,,ამ ეტაპზე ვარ უპარტიო და ვაგრძელებ გურჯაანის საკრებულოში მუშაობას როგორც დამოუკიდებელი წევრი. ჩვენ გავაანალიზეთ არჩევნებზე მიღებული შედეგები. ჩავთვალეთ, რომ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია ხალხთან, ასევე ჩვენი მიდგომებისა და პროგრამების საზოგადოებამდე სწორად მიტანა, რაც ამ ეტაპზე ვერ შევძელით. დავით უსუფაშვილთან ერთად ვაპირებთ სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რათა ერთად მივაღწიოთ იმ დასახულ მიზნებს, რაც აქამდე გვქონდა. ასევე, უნდა მოხდეს ჩვენი უკეთესი ჩართულობა და მეტი აქტიურობა ამომრჩეველთან,”–განაცხადა ზვიად ყვირალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზვიად ყვირალაშვილმა 50 თანამოაზრესთან ერთად რესპუბლიკური პარტია დავით უსუფაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დატოვა.