კახეთში 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დაფინანსდა
თითოეული კოოპერატივი დაფინანსდა 13 179 ლარის ოდენობით.
,,სათემო განვითარების ცენტრი, ჟეშუვის (პოლონეთი) რეგიონული განვითრების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს პროექტს „სოციალური ეკონომიკა – კახეთის რეგიონის განვითარების შესაძლებლობა“. კონკურსში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 9 საინიციატივო ჯგუფმა შეირჩა 4, რომლებიც უკვე დარეგისტრირდნენ როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. ეს ჯგუფებია:
კოოპერატივი “ვაქირი” (სიღნაღის მუნიციპალიტეტი), რომლის მიზანია წევრთა საოჯახო მარნების პირობებში ღვინის წარმოება და რეალიზაცია.
კოოპერატივი “თაფლიანი” (თელავის მუნიციპალიტეტი), რომლის მიზანია თაფლის და თაფლის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია.
კოოპერატივი “ქიზიყის ნექტარი” (სიღნაღის მუნიციპალიტეტი), რომლის მიზანია კუპაჟირებული თაფლის წარმოება და რეალიზაცია.
კოოპერატივი “მადლიანი ფუქტაკი” (თელავის მუნიციპალიტეტი), რომლის მიზანია სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალების, ფუტკრის რძის წარმოება”.
გარდა პირველადი საინვესტიციო გრანტისა, შერჩეული კოოპერატივები ოთხი თვის მანძილზე მიიღებენ 1719 ლარის გარდამავალ დაფინანსებას ინსტიტუციური განვითარებისათვის.
სათემო განვითარების ცენტრი მიზნობრივ კოოპერატივებთან სამომავლოდაც გააგრძელებს თანამშრომლობას.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის მიერ.