ახალი ამბები

სოფელ ახაშენში წმინდა გიორგი სახელობის VI საუკუნის ტაძრის რეაბილიტაცია დასრულდა

ძეგლის აღდგენითი სამუშაოები საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს” დაფინანსებით ჩატარდა.
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის და ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი გასულ წელს მიენიჭა.
,,გასულ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თხოვნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. ,,ყვავის“ საყდარს მიაკუთვნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, რასაც მოჰყვა სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება. პროექტის ავტორია არქიტექტორი ნოდარ მინდორაშვილი. კედლებიდან ჩამონაშალი ქვებისგან და მიწისგან ეკლესიის ინტერიერი მთლიანად გაიწმინდა. ეკლესიის რესტავრაციის პარალელურად მიმდინარეობდა ძეგლის არქეოლოგიური კვლევები, რომელშიც არქეოლოგი გიორგი რჩეულიშვილი იყო ჩართული. ეკლესიის სამხრეთ მინაშენში აღმოაჩინეს საოჯახო ქვის სამარხი და ოთხი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის, ძვლები. საოჯახო აკლდამაში აღმოჩნდა ბრინჯაოს სამაჯური, პასტის მძივი და მწვანე ფერის მინერალისგან დამზადებული საშუალო ზომის კვერცხი, რომელსაც, არქეოლოგების აზრით, საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება. მოპოვებულ არქეოლოგიურ არტეფაქტებს მეცნიერები შეისწავლიან,”– განუცხადა knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.