ახალი ამბები

თელავის # 13 საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა

თელავის #13 საარჩევნო უბანზე საია-ს დამკვირვებელმა საჩივარი მას შემდეგ დაწერა, რაც კომისიის ორმა წევრმა ფუნქციები თავმჯდომარესთან შეთანხმებით გაცვალეს.

თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალმახელიძემ თელავის #13 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უბანზე ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას კომისიის წევრებსა და საია-ს დამკვირვებელს შორის. 

“საია-ს დამკვირვებელი, ჩვენი ინფორმაციით, აფერხებდა პროცესის მშვიდად წარმართვას, რაზეც მას კომისიის წევრებმა მიუთითეს. ამ წუთებში ადგილზე საოლქო კომისიის წარმომადგენლები იმყოფებიან და ფაქტზე მოგვიანებით კიდევ ვიმსჯელებთ”, – განაცხადა კალმახელიძემ.

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” განმარტავენ, პრობლემები ძირითადად წილისყრის პროცედურებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ არსათანადო ქცევასთან დაკავშირებით დაფიქსირდა, ასევე იყო კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების რამდენიმე ფაქტი. რამდენიმე დარღვევა საიას დამკვირვებლის მითითების ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის მითითების შედეგად აღმოიფხვრა.

„თელავის #13 უბანზე აგრესიულად ექცეოდნენ საია-ს დამკვირვებელს. მას არ მისცეს შესაძლებლობა, გასცნობოდა ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საია-ს თხოვნით ჩაერია პროცესში”, – აცხადებენ საიაში.