საგარეჯოში საარჩევნო საკითხებზე ახალგაზრდებისთვის შეხვედრა ჩატარდა
საინფორმაციო ღონისძიებებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების ლამბალოსა და დუზაგრამაში მცხოვრები ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
ISFED-ის კორდინატორმა თინა სიბაშვილმა ახალგაზრდებს არჩევნების ტიპოლოგიის, წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნებში ჩართული მხარეების, საარჩევნო კომისიების, საარჩევნო დღის მიმდინარეობის და ამომრჩევლის უფლებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს, იმის თაობაზე თუ რატომ გახდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნებისთვის მეორე ტურის გამართვა საჭირო და რა პროცედურებთანა არის ეს დაკავშირებული.
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას ყველაზე მეტი დარღვევებით სწორედ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებული სოფლები გამოირჩევა, ამიტომ, აუცილებელია მათ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებით. ახალგაზრდებისთვის ამ საკითხებზე საუბარი მნიშვნელოვანი პრევენციაა სამომავლოდ პრობლემების თავიდან ასარიდებლად“,– განუცხადა Knews.ge-ს თინა სიბაშვილმა.
საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის ქეთი სიბაშვილის განცხადებით, საარჩევნო მედია ცენტრები დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში და ფუნქციონირებს საქართველოს 10 ქალაქში.
,,მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარ კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისათვის. მედიაცენტრები ხელს უწყობს საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ”,– განუცხადა Knews.ge-ს ქეთი სიბაშვილმა.