კახეთის 5 ოლქში არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საპარლამენტო მანდატისთვის ხუთივე საარჩევნო ოლქში ,,ქართული ოცნებისა” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დეპუტატობის კანდიდატები იბრძოლებენ.
ორივე პარტიის წარმომადგენლებს ერთნაირად აქვთ მეორე ტურის მოგების იმედი.
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას მოიპოვებს.
,,აუცილებლად მოვიგებთ არჩევნების მეორე ტურს, მე მაქვს ხალხის მხარდაჭერის იმედი”, – განაცხადა knews.ge-სთან გელა სამხარაულმა.
პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შაქრო ტერტერაშვილი ამომრჩეველს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
,,მოსახლეობის განწყობა მმატებს მოტივაციას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მხარდამჭერები იქნებიან აქტიურები და აუცილებლად მოვლენ არჩევნებზე”, – განუცხადა knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.