მესამე დღეა სოფელ ნუკრიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება
მოსახლეობა სს,,კახეთის ენერგოდისტრიბუციას” უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივების განცხადებით, მას შემდეგ რაც მოსულმა თოვლმა ელქტროენერგიის გადამცემი ხაზები დაწყვიტა, სოფელს ენერგომომარაგება შეწყვეტილი აქვს. ნუკრიანელების მტკიცებით, მათ ენერგოდისტრიბუციას დახმარების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა სოფელში კომპანიის წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან.
,,მესამე დღეა ნუკრიანში ელექტროენერგია არ გვაქვს. ამბობენ, მაღალი ძაბვის ხაზებია დაზიანებულიო. რამდენჯერმე მე პირადად დავრეკე,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ოფისში მაგრამ პასუხს ვერ მეუბნებიან, როდის მოგვარდება ჩვენი პრობლემა. როდესაც ვრეკავთ, მხოლოდ იმას გვეუბნებიან ჩაირთვებაო და მას შემდეგ კიდევ ორი დღე გავიდა. ნუკრიანის გარდა, სოფელ ზემო მაღაროში და ილიაწმინდაშიც რთული სიტუაციაა, იქაც ჩაწყვეტილია სადენები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და მოსახლეობას ელექტროენერგია არ აქვს. მარტო ქალაქი სიღნაღია უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით. ჩემს უბანშიც დაწყვეტილია ხაზები და არავინ მოსულა მათ შესაკეთებლად. ასე იძახიან, ორი დღე არ იქნება კიდვ დენიო. საინტერესოა რა არის უყურადღებობის მიზეზი და რატომ არ ჰყავს კომპანიას საჭირო რაოდენობის თანამშრომელი?”, – განუცხადა knews.ge-ს სოფელ ნუკრიანის მკვიდრმა გიგა გოგინაშვილმა.
სოფელ ნუკრიანის მოსახლეობის ბრალდებებს სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” პასუხობენ. როგორც knews.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ მეტრეველმა განუცხადა, ამ დროისთვის კახეთის რეგიონის ყველა სოფელს ელექტროენერგია მიეწოდება და არცერთი აბონენტი ენერგომომარაგების გარეშე არ არის დარჩენილი. მისივე თქმით, შესაძლოა მოსახლეობას შეექმნას ინდივიდუალური პრობლემა, რომლის მოგვარების მიზნით ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.
,,გამორიცხულია, სამი დღის განმავლობაში უშუქოდ იყოს მოსახლეობა. თოვლის მოსვლასთან დაკავშირებით იყო შემთხვევები, რომ აბონენტებს არ მიეწოდებოდათ დენი. ამ დროისთვის ყველა აბონენტი ჩართულია. 100%-ით აღდგენილია ყველგან ელექტროენერგიის მიწოდება. პრობლემა იყო სოფელ მაჩხაანში და უკვე მოგვარდა. მოსახლეობას შეუძლია ცხელ ხაზზე დარეკოს, აცნობოს პრობლემის შესახებ და მათ ზუსტ ინფორმაციას მიაწვდიან, რომელ სოფელში რა სამუშაოები ტარდება და როდის აღდგება ელექტროენერგია. თოვლმა შექმნა პრობლემები და მოგვიწია ხეების გადაბელვა და მოჭრა. ორი დღე და ღამეა, კომპანიის წარმომადგენლებს არ დაუსვენიათ და აქტიურად მუშაობენ. თუ რომელიმე აბონენტს სახლში შემავალი ხაზი გაუწყდა, უნდა მიაკითხონ მონტიორს და შეაკეთებინონ”,- განუცხადა Knews.ge-ს ზურაბ მეტრეველმა.