თელავში Mediacouncil.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა
ერთობლივი საიტი, რომელიც რეგიონული 21 მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭოების აქტივობებს ეხება, მაყურებელს საშუალებას აძლევს გარკვეული პრეტენზიის შემთხვევაში, ნებისმიერი ტელევიზიის თვითრეგულირების საბჭოში მარტივად შეიტანოს სარჩელი.
აღნიშნული ვებ-გვერდის პრეზენტაცია ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ერეკლე ცოცანიძემ გამართა. როგორც knews.ge-ს ცოცანიძემ განუცხადა, რეგიონულ ტელეკომპანიებში თვითრეგულირების მექანიზმის გასაძლიერებლად რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ DW-Academie-ს დახმარებით დაიწყო პროექტი, რომლის მიზანია განიხილოს და გამოიტანოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილება კონკრეტულ სატელევიზიო მასალაზე, რომელზეც მაყურებელი საბჭოს საჩივრის საშუალებით მიმართავს.
,,აღნიშნული ვებ-გვერდი მოქალაქეებს უადვილებს არსებული პრეტენზიის შემთხვევაში ტელევიზიის თვითრეგულირების საბჭოს მიმართონ. მათ აღარ მოუწევთ პირდაპირ ტელევიზიაში მისვლა და თავისი პრეტენზიის ისე დაფიქსირება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც მაყურებლებისთვის, ასევე რეგიონული მაუწყებლებისთვის და მათი მუშაობის ხარისხის ამაღლებისთვის. სწორედ ამ საიტის მეშვეობით თითოეული მაუწყებელი, პრეტენზიის შემთხევაში, საკუთარი თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს’’,– განუცხადა knews.ge-ს ერეკლე ცოცანიძემ.