ახალი ამბები

ირაკლი სესიაშვილი – მოსახლეობასთან საჭიროა მეტი კომუნიკაცია

ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრაზე პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩევლებს არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. სესიაშვილივეს განცხადებით, მის ერთ–ერთ მიზანს თელავის ტურისტულ ცენტრად გადაქცევა წარმოადგენს. იგი, ამომრჩეველს თელავისა და ყვარლის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე აქტიურად მუშაობას დაპირდა.
,,დამსწრე საზოგადოებას გავაცანი თელავისა და ყვარლის განვითარების გეგმები. ასევე, ვისაუბრეთ ქალაქებსა და სოფლებში არსებულ პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე. განვიხილეთ როგორია საარჩევნო გარემო დღეს და სხვა მნიშნელოვან საკითხებზე. მიმაჩნია, რომ მოსახლეობასთან საჭიროა მეტი კომუნიკაცია. თელავს, ისევე როგორც ყვარელს უნდა ჰქონდეს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც არ უნდა დაიწეროს კაბინეტში. ამ დოკუმენტის შექმნაზე აუცილებელია საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა და მუშაობა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ მიმართულებით ჩემი თანამონაწილეობა იქნება ძალიან აქტიური,”– განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი სესიაშვილმა.
შეხვედრის ინიციატორის, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის, ლიკა იმერლიშვილის განცხადებით, მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან შეხვედრების მიზანია ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, მაღალი საარჩევნო კონკურენციის პირობებში საკუთარი პროგრამების კიდევ ერთხელ გაცნობა მოქალაქეებისათვის და ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანის გაკეთების წახალისება.
,,საარჩევნო მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში დაიწყო მეორე ტურში გადასული დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრები. მისი მიზანია, რომ ამომრჩეველმა არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მიიღოს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის გეგმების შესახებ. მსგავსი შეხვედრები სხვა დეპუტატობის კანდიდატებთანაც გაიმართება’’,– განუცხადა Knews.ge-ს ლიკა იმერლიშვილმა.
შეხვედრას ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.