კაჭრეთში საწარმოებისა და ფერმერების თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებზე იმსჯელეს
საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფარგლებში, თსუს კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მეწარმეობის მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგები მცირე და საშუალო მეწარმეებს, ფერმერებს და კახეთის რეგიონის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურების ხელმძღვანელებს გააცნეს.
კვლევის ფარგლებში შეარჩიეს 35 ინტერვიუერი და მათი საქმიანობა გამოიკვლიეს. როგორც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ფატი მამარდაშვილმა განაცხადა, კვლევის პერიოდში გამოავლინეს საწარმოსა და გერმერის თანამშრომლობის 7 წარმატებული მაგალითი, რომელიც შემდეგ დამუშავდა და სამიზნე ჯგუფს მიეწოდა. მამარდაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვლევის შედეგად გამოიკვეთა მეწარმეების ლიდერობისა და მენეჯმენტის პრობლემები.
,,კვლევა ჩატარდა ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით და მისი მიზანი ნედლეულის მწარმოებლებთან, ფერმერებთან და საწარმოებთან მუშაობა იყო, რათა გაგვეგო, როგორი ურთიერთობებია მათ შორის, არის თუ არა ის ფორმალიზებული, რა პრობლემებს აწყდებიან, რა რისკებთან არის დაკავშირებული და სხვა. ჩვენ, ასევე, გამოვკვლიეთ მათი ეკონომიკური პოტენციალიც. მუშაობის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა: ერთია ლიდერობის და მართვის პრობლემა, ასევე პრობლემურია ისიც, რომ ურთიერთობა არის ძირითადად ფორმალური, რაც ხელს უშლის ფერმერის და საწარმოს გრძელვადიან ურთიერთობას. ამ საკითხებზე ორივე მხარის ინტერესი დაბალია, რაც არასტაბილური საბაზრო გარემოს ბრალია, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, რომ საწარმოს არ უნდა, მუდმივი კონტრაქტი დაუდოს ფერმერს. ფერმერს კი, რომელსაც ახალი ჯიშის საქონელი ჰყავს, შეუძლია სხვა საწარმოებსაც ჩააბაროს პროდუქტი, რომელიც შედარებით დაბალ ხარისხზე გააკეთებს აქცენტს და მიიღებს. ეს შეიცვლება მაშინ, როცა არამხოლოდ დიდ, არამედ მცირე საწარმოებსაც სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა დაევალებათ’’, – განაცხადა ფატი მამარდაშვილმა.
აღნიშნული კუთხით კვლევის ჩატარება და შედეგებზე დაინტერესებული მხარეების ინფორმირება დადებითად შეაფასეს მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებმა. სოფელ ველისციხის რძის გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელმა მიხეილ მათიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ფერმერისა და საწარმოს გრძელვადიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც მისი განმარტებით, აუცილებელია შემოსავლისა და პროდუქტის ხარისხის გაზრდისთვის.
,,პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფარგლებში მეწარმეებს საშუალება მოგვეცა, ბევრი ახალი ინფორმაცია გაგვეგო, შეგვესწავლა და ამავდროულად ურთიერთობა დაგვემყარებინა ფერმერებთან. აღნიშნული პროექტის დახმარებით და თანადაფინანსებით შევიძინეთ სილოსის ამღები აგრეგატი, რათა ვაწარმოო საკვები და შემდეგ დავეხმარო წვრილ ფერმერებს. ეს ძალიან კარგი მაგალითია ფერმერებთან ურთიერთობის, რადგან ისინი არ არიან საკვები ბაზით უზრუნველყოფილები და ჩვენ ცოტა მაინც შევძლებთ მათ დახმარებას. ამასთანავე გაიზრდება საკვების პროდუქტიულობა და ვფიქრობთ, ამ მხრივ წარმატებას მიაღწევს ფერმერებთან ჩვენი თანამშრომლობა’’,– აღნიშნა მიხეილ მათიაშვილმა.
კვლევის შედეგად გამოვლენილი წარმატებული მაგალითების შესახებ მეტი ფერმერის და მეწარმის ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ივანე ბასილაშვილმა. მისი განცხადებით, კვლევის ჩატარება დროული და აუცილებელი იყო.
,,კარგი კვლევა ჩატარდა, რომელიც ეხება მაგალითად: რძის მწარმოებლის და ფერმერების ურთიერთობას, იმას თუ რა გზა უნდა გაიარონ მათ ამისთვის, ეკონომიურად რა არის მათთვის უფრო ხელსაყრელი და მისაღები. საინტერესო მოდელები წარმოგვიდგინეს შეხვედრაზე და მიხარია, რომ ამისი გაცნობის საშუალება მოგვეცა. ჩვენი კი ვალდებულები ვართ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ სხვა ფერმერებსაც’’,– განაცხადა ბასილაშვილმა.
კვლევის დამკვეთი კომპანიის, საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ მენეჯერმა ალექსანდრე ღოღობერიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კუთხით ორგანიზაციას კერძო სექტორთან თანაშროლობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მისი თქმით, პროექტი მეცხოველეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,პროექტი ,,MOLI კახეთში“ უკვე მეხუთე წელია ფუნქციონირებს და იგი ემსახურება მეცხოველეობის განვითარებას. ამ წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ საწარმოსა და ფერმერის თანამშრომლობის სხვადასხვა მოდელი არსებობს. ეს იქნება როგორც საკვების დამზადება/გადამუშავების, კოოპერაციის თუ სხვა კუთხით. კვლევის ჩატარების მიზანი იყო, წარმატებული თანამშრომლობის მოდელები დამუშავებულიყო ისე, რომ ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. გვინდოდა, ეს გამოსახულიყო ციფრებით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ თანამშრომლობას, რა შეიძლება გაკეთდეს და გამოსწორდეს. კვლევაში ასახულია დღევანდელი რეალობა, რა მდგომარეობაში არიან ფერმერები და სამომავლოდ რეკომენდაციების გათვალისწინებით რა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლიათ მათ მიიღონ. ფერმერებს ამ კვლევის შედეგებით გვინდა დავანახოთ, რომ სხვისი თვალით შეხედონ თავიანთ საქმიანობას, ნახონ, რა შეიძლება გამოსწორდეს, გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომლებიც მათ ეძლევათ’’,– აღნიშნა ალექსანდრე ღოღობერიძემ.