სტატიები

კახეთის ხუთ ოლქში არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან

აღსანიშნავია, რომ ხუთივე ოლქში მმართველი პარტიისა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ორივე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები მეორე ტურში გამარჯვების მოლოდინით აქტიურად აგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას.

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას მოიპოვებს.

,,აუცილებლად მოვიგებთ არჩევნებს, რადგან ხალხის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე მშვიდი არჩევნები, რაც აქამდე ჩატარებულა საქართველოში”, – აღნიშნა სამხარაულმა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შაქრო ტერტერაშვილი საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად ბრძოლას აგრძელებს და ამომრჩეველს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

,,ვაგრძელებ საარჩევნო კამპანიას გაორმაგებული ძალითა და ენერგიით. ვხვდები მოსახლეობას და მათი განწყობა მმატებს ბრძოლის მოტივაციას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მხარდამჭერები იქნებიან აქტიურები და აუცილებლად მოვლენ არჩევნებზე”, – განუცხადა knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.

არჩევნების მოგების იმედი აქვთ გურჯაანის ერთმანდატიან ოლქშიც. მაჟორიტარი დეპუტატობისთვის მმართველი პარტიიდან დავით სონღულაშვილი, ხოლო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ღვინიაშვილი იბრძვიან.

,,გუჯაანელებს სჯერათ ჩვენი და იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ მეორე ტურს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მმართველი პარტია პარლამენტში არ შევიდეს საკონსტიტუციო უმრავლესობით”, – აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატმა დავით სონღულაშვილს გიორგი ღვინიაშვილთან შედარებით 11.6%-ით მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. მას საბოლოო გამარჯვებამდე 1800 ხმა დააკლდა.

,,კვლავ დავიწყე საარჩევნო კამპანია აქტიურ რეჟიმში, მოსახლეობას შევხვდები სოფლებში. ყველას ავუხსნი კიდევ ერთხელ, თუ რა მნიშნელობა აქვს მათ ხმას არჩევნებზე”,-ამბობს დავით სონღულაშვილი.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება რეგიონის მეექვსე, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში. აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქში 50%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლო ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახეთის რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა. მან ხმათა 55,45% მიიღო, ხოლო მის კონკურენტს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ბეჟაშვილს კი არჩევნებში მისულ ამომრჩეველთა 26,2%-მა დაუჭირა მხარი.