სტატიები

საპარლამენტო მანდატისთვის 6 ქალი კანდიდატი იბრძოლებს

მმართველი პარტიის ექვსივე კანდიდატი ყველა ოლქში მამაკაცია. ,,ქართული ოცნების“ მსგავსად გენდერული დისბალანსი შეიმჩნევა სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც. არც ერთ ქალი კანდიდატი არ ფიქსირდება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”,  ,,თავისუფალი დემოკრატების”, ბლოკი პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისთვის, ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობის და სხვა პარტიების  საარჩევნო სიაში.

ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა 4 პოლიტიკური პარტია, ესენია ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ,,ლეიბორისტული პარტია“, ,,საქართველოს მშვიდობისთვის“ და ,,საქართველო“. მართალია, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გენდერული ბალანსის დაცვაზე საუბრობდნენ, თუმცა ამ მხრივ მდგომარეობა არ შეიცვალა.

რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთმი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ,,კახეთის ხმასთან“ საუბარში აცხადებდა, რომ პარტია საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების პრინციპს დაიცავს და მინიმუმ 25% ქალი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ გენდერულ კვოტას და ქალთა მონაწილეობის გაზრდას. ჩვენს საარჩევნო სიაში მინიმუმ 25% ქალი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, რადგან ამ პროცესს ვუყურებთ როგორც ქალთა უფლებების დამკვიდრებას. საკითხს ჩვენ ლიბერალური პოზიციიდან ვუყურებთ, არ ვთვლით, რომ ეს იდეალურია, მაგრამ კვოტირების სისტემა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს თანასწორობის პრინციპის განხორციელებას“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური პარტიიდან “დავით თევზაძე–საქართველოს მშვიდობისათვის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თამარ ბაწაშვილი იყრის კენჭს. მას, თანაქალაქელების მხარდაჭერის იმედი აქვს.

,,ვერთვები საარჩევნო მარათონში და იმედი მაქვს, რომ მიზანს მივაღწევ მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი კონკურენტები მყავს, – ამბობს ბაწაშვილი.

რაც შეეხება საარჩევნო ბლოკს „დავით თარხან–მოურავი – ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსი“ ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა. მათ, ექვსი ოლქიდან 3 დეპუტატობის კანდიდატი ქალი წარადგინეს. ,,სიღნაღი–დედოფლისწყაროს გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კან­დიდატად ნაირა ალავერდაშვილია, გურჯაანის 24–ე საარჩევნო ოლქში ნათია გიორგაძე, ხოლო საგარჯო­ში კენჭს პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი იყრის.

,,სიღნაღი–დედოფლისწყაროს გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კან­დიდატად ნაირა ალავერდაშვილი წარვადგინეთ, გურჯაანის 24–ე საარჩევნო ოლქში ნათია გიორგაძე, ხოლო საგარჯო­ში მე ვიყრი კენჭს. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ღირსეული წარმომადგენლები ვიქნებით პარლა­მენტში”,–განაცხადა საარჩევნო ბლოკის ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

კავშირი „საფარის“ თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ პარლამენტში გენდერული დისბალანსი იქნება და კანონმდებელი ქალები მცირე რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილები მეცხრე მოწვევის პარლამენტში.

,,პარტიები უნდა დაასახელონ ქალების კანდიდატურები, მაგრამ ისეთი მაჟრიატული სისტემა გვაქვს, რომ ქალებისთვის არის ჩაკეტილ წრეზე ტრიალი. ქალ კანდიდატებს არ აქვთ საშუალება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამიტომ, გაცილებით მეტი დრო უნდა დაეთმოს ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას მომავალში“, – აცხადებს ბაია პატარაია.

 

სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.