ვიდეორეპორტაჟი

პანკისის ხეობაში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

ადგილობრივებს შიდა გზების, სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მომარაგების პრობლემა აწუხებთ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სოფლებში სოციალურ და ეკონომიკურ პირობებზეც ამახვილებენ ყურადღებას. 
,,ყველა სოფელშია პრობლემა. მაგალითად, წყალი სოფელში ხან მოდის, ხან არა, სასმელადაც არ ვარგა. გვპირდებიან, მოგიგიგვარებთ ყველა საკითხსო და დავიჯერო? არ ვიცი. ასევე, უმუშევრობაა და დაუსაქმებელია ხალხი“, – განაცხადა სოფელ ბირკიანის მკვიდრმა ოსმან ალხანაშვილმა.
სოფელ ბირკიანის მსგავსი პრობლემებზე ჩივიან ჯოყოლოშიც. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობის ინფორმაციით, მათი ერთადერთი შემოსავალი მეხილეობა და მესაქონლეობაა. ადგილობრივების განცხადებით, მათაც სხვა სოფლების მსგავსად, საძოვრების პრობლემა აწუხებთ და საქონელს, ძირითადად, ტყის ტერიტორიაზე აბალახებენ. სოფელში სასმელი წყლის ხარისხსაც იწუნებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ პრობლემას დეპუტატი მოუგვარებთ. სოფელში ბუნებრივი აირის არარსებობის პრობლემაც მწვავედ დგას. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ორი თვეა, რაც მილები დამონტაჟებულია, თუმცა სოფლებს გაზი ამ დრომდე არ მიეწოდებათ. 
,,გამოსაცვლელია ეს მთავრობა, სიღარიბეა, საქმე არ არის, არავინ მუშაობს. ძროხხებში დადის ხალხი, თივას აგროვებენ, არც საძვრებია. უნდა მოგვიმატონ პენსიები და დასაქმების საშუალება უნდა იყოს“, – ამბობს ერმალო ბაღაკაშვილი.
მოსახლეობის ინფორმაციით, სოფლებში არჩევნების მიმართ განწყობა განსხვავებულია. პანკისის ხეობის მაცხოვრებლების ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მათი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა.

 

სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.