ოთარ კვირიკაშვილი – ახმეტა უნდა გახდეს ევროპული ტიპის ქალაქი
მისი განმარტებით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იგი ამ მიმართულებით აქტიურად დაიწყებს მუშაობას.
,,ახმეტა უნდა გახდეს თანამედროვე ევროპული ტიპის ქალაქი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქის განვითარებაზე ზრუნვას შევთავაზებ იმ გუნდს, ვისაც რეალურად ხელეწიფება ასეთი ტიპის ქალაქის აშენება. ახმეტას აქვს პოტენციალი გახდეს სატრანზიტო ქალაქიც. ამ კუთხითაც გამაჩნია გეგმა და შევუდგებით აქტიურ მუშაობას’’,– განუცხადა Knews.ge-ს ოთარ კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილისვე განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება ახმეტა–თიანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა წარმოადგენს. დეპუტატობის კანდიდატი ახმეტელ მეცხვარეებს საქონლის რეალიზებაშიც პირდება დახმარებას.
,,შევეცდები, თითოეულ ადგილობრივთან ერთად ავაშენო ძლიერი ახმეტა და ხელს შევუწყობ, გაჩნდეს ახალი არაფორმალური განათლების კერები. გარდა ამისა, მეცხვარეობის დარგში დღეს ბევრ ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკები. სახელმწიფოც მხოლოდ ჩვენს ფერმერებს სთხოვს, რომ მათმა ცხვარმა გაიაროს ლაბორატორიული შემოწმება, სადაც საკმაოდ მაღალი აფსებია დაწესებული. ისინი, საერთაშორისო ბაზარზე ასეთი მაღალი ფასების გამო კონკურენტუნარიანები აღარ არიან. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნებ’’,– განაცხადა ოთარ კვირიკაშვილმა.