ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაზე მუშაობას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაიწყებს.
სონღულაშვილს მიაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელია, რადგან მათ მუშაობის დიდი გამოცდილება და ადგილობრივ დონეზე არსებულ პრობლემებზე სრულ ინფორმაციას ფლობენ.
,,არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობა ქალაქისა და სოფლების განვითარებაზე აისახება. მინდა, რომ სამომავლოდ ეს ურთიერთობა მჭიდრო და თანამშრომლური იყოს, რათა ერთად ვიზრუნოთ პრობლემების მოგვარებაზე და სასურველ შედეგს მივაღწიოთ”, – განუცხადა Knews.ge-ს დავით სონღულაშვილმა.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის“ ხელმძღვანელის, მაია მამულაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას საჯარო უწყებების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. 
,,მივესალმები მსგავს ინიციატივას და შეხვედრებს დეპუტატობის კანდიდატი იქნება ეს თუ სხვა საჯარო მოხელე, რომელიც ხელს შეუწყობს მედიის ჩართულობას და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაყენებეული ინიციატივების განხილვას. დღეისთვის ამ კუთხით არსებობს პრობლემები, რადგან ბევრი ინიციატივა რჩება განუხილველი. არის გარკვეული ტიპის ბარიერებიც, რომელიც ხელს უშლის მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიიღონ ინფორმაცია და დააყენონ ინიციატივები. თუ საჯარო უწყებები იქნებიან ღია იმისათვის, რომ მიიღონ ასეთი ტიპის ინიციატივები, სასარგებლო იქნება ყველა მხარესთვის’’,– განაცხადა მაია მამულაშვილმა.