საარჩევნო ოლქების გაერთიანება ამომრჩევლის გაურკვევლობას გამოიწვევს
ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ განხორციელებული ცვლილებები ამორჩეველთა მასობრივ დაბნევაზეა გათვლილი, რაც მმართველ პარტიას სასათბურე პირობებს შეუქმნის.ცვლილებების თანახმად, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებისა და მათი უფლებამოსილებების განსაზღვრას ეხება, მაჟორიტარული ოლქების საზღვრებმა კორექტირება განიცადა.
გაერთიანებული საარჩევნო ოლქების შედეგად, კახეთის რეგიონში რვის ნაცვლად 6 ოლქი შეიქმნა. გაერთიანდა სიღნაღის და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, ასევე ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტში ერთი საარჩევნო ოლქია. უცვლელი დარჩა საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქების საზღვრები. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები გაერთიანდა თელავსა და ახმეტაში, ასევე თელავსა და ყვარელში. მაგალითად, თელავის-27-ე ოლქი აერთიანებს ქალაქ თელავის, თელავის მუნიციპალიტეტის აკურის, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, ქვემო ხოდაშენის, შალაურისა და წინანდლის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებს, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის, შილდის, ენისელის, საბუესა და გრემის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებს.
„27-ე მაჟორიტარული ოლქის შემადგენლობაში არის თელავის და ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია. ამ შემთხვევაში თელავი არის ძირითადი საარჩევნო კომისია და ყვარელი წარმოადგენს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას. ის ასრულებს საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას“, – აცხადებს თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძე.
,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის’’ თელავი-ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანო გალახვარიძე მიიჩნევს, საზღვრების შეცვლა ამომრჩევლების გაუაზრებელ არჩევანს გამოიწვევს.
,,ცვლილება ისე დამტკიცდა, რომ ამ პროცესებში მონაწილეობა ვერ მივიღეთ. ოლქების გამსხვილება არ უნდა მომხდარიყო, რა აუცილებლობა მოითხოვდა მის გაერთიანებას ან დაყოფას არჩევნების წინ“,-განაცხადა ვანო გალახვარიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ბოტკოველს შენიშვნები აქვს სხვა სიახლეებთან მიმართებაშიც. მისი შეფასებით, გაუგებარია არჩევნებამდე სამი თვით ადრე კანონში რატომ შევიდა ცვლილება უმისამართო და რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეებთან დაკავშირებით.
„ამ დრომდე ამომრჩევლები არ არიან ინფორმირებულები, რომ გაიგონ, როგორ უნდა განხორციელდეს მათი რეგისტრაცია და ხმის მიცემა სასურველი კანდიდატისთვის. აქტიურად დავაკვირდებით წინასაარჩევნო პროცესს, რათა დარღვევები არ დაფიქსირდეს,’’ – ამბობს გიორგი ბოტკოველი.
თელაველთა უმეტესობა საოლქო საზღვრების ახლებურად გადანაწილებაზე ინფორმაციას არ ფლობს. თელავის მკვიდრის ნათია ცისკაძეს განცხადებით, განხორციელებული ცვლილება მისთვის სიახლეა.
,,არ ვიცი რა საარჩევნო ოლქების საზღვრების გადანაწილებაზეა საუბარი, არც ის ვიცი ადრე როგორ იყო. ამდენ სატელევიზიო რეკლამებს, არ ჯობია საგანმანათლებლო რგოლები დაამზადონ, რაც ამომრჩევლის ინფორმირებულობას უზრუნველყოფს? ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სარგებელი ნახონ და ალბათ ამიტომ გააკეთეს ესეც.’’
ნაზი ბაირამოვს კი, მიაჩნია, რომ საზღვრების ახლებური მოწყობა ამომრჩევლების გაუაზრებელ ქცევას არ გამოიწვევს, რადგან მოქალაქეები ვალდებულები არიან სიახლეებს გაეცნონ.
,,ოლქების საზღვრები ამომრჩევლების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. ტელევიზორში მოვისმინე და გაზეთებშიც ვკითხულობ. მაქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ინფორმაციას მუდმივად ვეცნობი. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი პრობლემას არ შეუქმნის მოსახლეობას. შესაძლოა, ამ ეტაპზე არ გაამართლოს, მაგრამ არა მგონია საგანგაშო იყოს რამე.“
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კახეთის რეგიონული კოორდინატორის ნანა დევიძეს განცხადებით, ახმეტაში თავმოყრილია რთულად მისადგომი საარევნო უბნები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული პუნქტები, რაც არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, დაკვირვების თვალსაზრისით, სირთულეს წარმოადგენს.
,,მინდა გამოვყო სოფელი ყარაჯალა, რომელი ახლა ახმეტის საარჩევნო ოლქის შემადგენლობაშია. ვისურვებდი, რომ ამ ოლქში არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და სამართლიან გარემოში. გარდა ამისა, კახეთში საკმაოდ რთული იქნება შეერთებული სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქი. მნიშვნელოვანია, რომ ეს სირთულეები არ აისახოს არჩევნების ხარისხზე”, – აღნიშნა ნანა დევიძემ.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, ოლქების გამსხვილება ე.წ. „ხმის თანაბრობის“ პრინციპის დაცვით მოხდა. შესაბამისად, პარლამენტში მოხვედრის მანდატს ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა განსაზღვრავს და არა მუნიციპალური საზღვრები. ჟვანიასვე მტკიცებით, საზღვრების ახლებური მოწყობა ამომრჩევლის გაუაზრებელ არჩევანს არ გამოიწვევს.
„საზღვრების ახლებური დელიმიტაცია გულისხმობს იმას, რომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული საზღვრები განისაზღვრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ამომრჩევლის რაოდენობა და პროპორცია იქნება დაცული. საზღვრების დელიმიტაციის პროცესმა მოგვცა განსხვავებული ტერიტორიული ერთეულები და ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციები დაიყო და შეიქმნა ძირითადი და დამხმარე კომისიები. საზღვრების ახლებური მოწყობიდან გამომდინარე, ასევე გარკვეული ფუნქციების გადანაწილება მოხდა სხვადასხვა ოლქებს შორის. სამომავლოდ რომ არ შეიქმნას რაიმე სახის გაურკვევლობა, ამ საკითხების დეტალური ცოდნაა საჭირო,“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.