ეთნიკური თემის წარმომადგენლების ნაწილი დეპუტატობის კანდიდატებს ვერ იცნობს
იმის გასაგებად რა ინფორმაცია აქვთ არჩევნებთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსახლეობას გამოკითხვა ჩავატარეთ. მათი განცხადებით, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დეპუტატს მხოლოდ საარჩევნო ბანერიდან იცნობენ.
აიდინ ისაევი, იორმუღანლოს მკვიდრი:
,,არ ვიცნობ დეპუტატობის კანდიდატებს, საიდან უნდა ვიცნობდე არ ჩამოდიან აქ. მხოლოდ ,,ქართული ოცნების’’ და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატობის კანდიდატები ვიცი, ისიც გაკრულ ბანერებზე ვნახე.’’
მურაზ გულიევი, იორმუღანლოს მკვიდრი:
,,მინდა, არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, მაგრამ ამ დრომდე არ ვიცი ვინ არიან და რა დაპირებები აქვთ.“
იასახან მამედოვი, იორმუღანლოს მკვიდრი:
,,ერთი კანდიდატი ვიცი ,,ქართული ოცნების’’, რადგან ჩემი სახლის წინ არის პლაკატი გაკრული. დანარჩენები ვინ არიან არ ვიცი. ჩვენთან არავინ მოსულა და არაფერი უთქვამს, არ ულაპარაკია თავის პროგრამაზე და საინდან უნდა ვიცნობდე?“
ამან ჯალილოვი, იორმუღანლოს მკვიდრი:
,,ჩვენი სოფლის პრობლემების მოგვარებაზე არავინ ზრუნავს და რატომ უნდა მაინტერესებდეს ვინ არიან კანდიდატები, შეიცვლება რამე? არც არჩევნებზე ვაპირებ წასვლას, რადგან მარტო დაპირებები იციან და საქმეს არავინ აკეთებს.’’
ალდარ მუსტაფაევი, ყარაჯალას მკვიდრი:
,,არ ვიცნობ დეპუტატობის კანდიდატებს, მხოლოდ ერთს ან ორს ვიცნობ ისიც იმათ ვინც მოდიან და გველაპარაკებიან.’’
დოვლათ მამედოვი, ყარაჯალას მკვიდრი:
,,რატომ უნდა მაინტერესებდეს ვინ არიან? უკვე აღარ მჯერა მათი. მარტო არჩევნებზე ვახსენდებით და სხვა დროს არ ვაინტერესებთ. წლებია სოფლებში ამდენი პრობლემები გვაქვს და არ ფიქრობენ მოგვარებას, ის კი არა არც ინტერესდებიან რომ გვკითხონ როგორ ვართ.’’
ნაზიმ ბახტიაროვი, ყარაჯალას მკვიდრი:
,,ვიცნობ დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატს და გადაწყვეტილიც მაქვს ვის მივცემ ხმას. წინასწარ ვერ ვიტყვი, რადგან ჩემი უფლებაა ვის მივცემ ხმას’’
ბახო სეიდოვი, ყარაჯალას მკვიდრი:
,,ვიცნობ დეპუტატობის კანდიდატებს, როცა სოფელში მოდიან და შეხვედრებს მართავენ ვესწრები და ვუსმენ. ძალიან მომწონს ქართული ოცნების კანდიდატი და მჯერა, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. ხალხიც სოფელში დაინტერესებულია, რომ გაიცნონ პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატები და გაიგონ რა პროგრამები აქვთ. ამის შემდეგ გადაწყვეტენ ვის აირჩევენ.’’