თელავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საჯარო დებატები გაიმართა
თელავისა და ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატებმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა საკითხზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. მათ თელავის განვითარების სტრატეგიასა და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზეც ისაუბრეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას” დირექტორის, ზვიად დევდარიანის განცხადებით, აღნიშნული კამპანიის მიზანია რეგიონებში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების შესახებ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ინფორმირება.
,,სამოქალაქო კვირეულის პირველი შეხვედრა ჩატარდა თელავში და კამპანიის ფარგლებში კიდევ 10 ქალაქს ვესტუმრებით. შეხვედრის ფარგლებში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს უსვავენ იმ საკითხებზე კითხვებს, რომლებიც პრობლემურია და აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას. დეპუტატობის კანდიდატები კი ამ საკითხებზე საკუთარ ხედვას წარმოადგენენ. ამ პროცესში მთლიანობაში ჩართულია სამოცზე მეტი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია, ისინი, რომლებიც არიან გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელში, რომლის ფასილიტაციასაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა’’ ახორციელებს”,– განუცხადა Knews.ge-ს ზვიად დევდარიანმა.
შეხვედრის ერთ–ერთი ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო განვითარების ცენტრის დირექტორის, ლიზი სოფრომაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შესაძლებლობა აქვთ, დეპუტატობის კანდიდატებს ესაუბრონ და გაეცნონ არსებული პრობლემების გადაჭრის მათ სამოქმედო გეგმას.
,,შეხვედრაზე კახეთში არსებული პრობლემების ირგვლივ დავუსვით კითხვა დეპუტატობის კანდიდატებს. პირველია ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც დღეს რეგიონში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით გარკვეული პროექტები ხორციელდება. ეს პრობლემა სოფლებში განსაკუთრებით მწვავეა. მეორე საკითხი არის სოფლის მეურნეობა, რომელიც საკმაოდ განვითარებულია კახეთში. აქ ძირითადად რძის საწარმოებია. სურსათის უვნებლობის კოდექსი კი, რომელიც დარეგისტრირებულ რძის საწარმოებს ეხება და გარკვეულ რეგულაციებს მოიცავს, ფერმერებს პრობლემებს უქმნის. ამ წესების დაცვა არ ეხებათ საოჯახო მეურნეობებს, ეს ქმნის არაკონკურენტულ გარემოს ფერმერებისთვის და მათ განვითარებას აფერხებს. მესამე მნიშვნელოვანი საკითხია თვითმმართველობა, ამ კუთხით გატარებული რეფორმა, ტერიტორიების ოპტიმიზაცია, ქალაქების და მუნიციპალიტეტების დაყოფა. საინტერესოა, როგორ ხედავს პოლიტიკური პარტია ამ საკითხს და ხელისუფლებაში მოსვლისას როგორ გააგრძელებს ამ პროცესს. ასევე მნიშნელოვანია დეპუტატობის კანდიდატების ხედვა, თუ როგორ მოაგვარებენ დასუფთავების პრობლემას, მოსახლეობის თავშეყრის ადგილების, პარკების, სკვერების არარსებობის საკითხს, წყლის პრობლემას და სხვა. წარმოუდგენელია 21–ე საუკუნეში მოსახლეობას ეს პრობლემები აწუხებდეს”, –აღნიშნა ლიზი სოფრომაძემ.
შეხვედრას არ ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“, ,,ბურჯანაძე-დემოკრატების”, „ქართული ოცნების“, ,,ეროვნული ფორუმისა” და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები.
კამპანია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას,“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.