სტატიები

რა არის დეპუტატის ფუნქცია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მომავალი არჩევნების შესახებ მოსახლეობის მცირე ნაწილი ფლობს ინფორმაციას. აქედან მოსახლეობის უფრო მცირე ნაწილმა თუ იცის კონკრეტულად რა უფლებები, მოვალეობები თუ ფუნქციები აქვს დეპუტატს და რისი მოგვარება შეუძლია მას. ადგილობრივების თქმით, დეპუტატის ერთადერთი ფუნქცია ხალხზე ზრუნვა და არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობაა.

ხამბათ ჯამალოვი, სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი:

,,დეპუტატის მოვალეობაა მოსახლეობას დაეხმაროს. დღეს ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ერთერთი აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემაა საოვრების არარსებობა, არც სახნავსათესი მიწები გვაქვს. ისე გაიყიდა არაფერი ვიცოდით. სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს მესაქონლეობით ირჩენს, იმას ვისაც საქონელი ყავს, სხვა მუნიციპალიტეტში გადაჰყავთ და იქ ინახავენ, ეს კი ძვირი ჯდება. ზოგმა ამ საქმეს საერთოდ თავი დაანება. ჩემი აზრით სწორედ დეპუტატის მოვალეობაა ამ პრობლემის მოგვარება.’’

ალიზ რაფან ზალილოვი, სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი:

,,წინა დეპუტატი საერთოდ არ ზრუნავდა ჩვენზე. არც მოსულა შესახვედრად. იმედი გვაქვს ახალი მაინც მოგვხედავს. ის უნდა იყოს ყურადღებიანი, ხალხზე ზრუნავდეს და მათთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ჩემი აზრით, ეს მისი ფუნქციაა და უნდა შეასრულოს.’’

სულეიმან ომეხმანი, სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი:

,,დეპუტატის ფუნქციაა სოფელს წყლის პრობლემა მოუგვაროს. დასალევი წყალი არ მოდის და ხელით მოგვაქვს სახლამდე. დეპუტატს იმისთვის ვირჩევთ რომ დაგვეხმაროს და ხალხის გასაჭირი გულთან მიიტანოს.’’

სულეიმან ოლჯავათი, სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი:

,,როცა არჩევნებია მოდიან, გვეუბნებიან ხმა მოგვეცით და პრობლემებს მოგიგვარებთო, ვაძლევთ ხმას და რომ იმარჯვებენ იკარგებიან. არაფრის გაკეთება აღარ უნდათ. დეპუტატი ხალხთან უნდა მოდიოდეს ხშირად რომ გაიგოს რა პრობლემა გვაქვს და მოგვარებაში დაგვეხმაროს, ეს არის მისი მოვალეობა.’’

მანანა სვიმონიშვილი, საგარეჯოს მკვიდრი:

,,დეპუტატმა მუნიციპალიტეტზე უნდა იზრუნოს. საქმე რომ გააკეთოს ხალხთან ახლოს უნდა იყოს, უნდა გააკეთოს ის რაც ხალხს სჭირდება და ყოველდღიურად პრობლემას უქმნის. ჩემი აზრით, დეპუტატმა ისეთი კანონი უნდა მიიღოს, რომელიც ქალაქში წყლის პრობლემის მოხსნას შეუწყობს ხელს.’’

შორენა არჩვაძე, საგარეჯოს მკვიდრი:

,,დეპუტატის ფუნქცია რა არის არ ვიცი, არავისი და არაფრის აღარ მჯერა. არჩევნებზე ვაპირებ წასვლას და შემოვხაზავ ჩემს სასურველ კანდიდატს, რომელიც იზრუნებს ხალხზე და ეცოდინება ჩვენი პრობლემები.’’

ლელა გამყრელიძე, საგარეჯოს მკვიდრი:

,,დეპუტატის ფუნქციები ვიცი, მაგრამ მთავარია როგორ შეასრულებს მას. მან უნდა იზრუნოს ხალხზე, გაიგოს ვის რა პრობლემა აქვს და გაუწიოს შესაბამისი დახმარება. უნდა წარადგინოს პარლკამენტში კანონპროექტები და ეს უნდა იყოს ისეთი, რომელიც მის ამომრჩეველს ცხოვრების პირობებს გაუუმჯობესებს. ვფიქრობ, პირველი კანონპროექტი, რომელიც მან უნდა წარადგინოს პარლამენტში განსახილველად, უნდა იყოს ინფრასტრუქტურის კუთხით. აქ ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა გვაქვს. ქალაქში ცენტალურ გზაზე ყოველდღე დავდივარ და ისეა დაზიანებული ვცდილობ ისე გავიარო არ წავიქცე. სანიაღვრე არხებიც მოსაწესრიგებელია. არჩევნები რომ იყო ადრე, მაშინ დაიწყეს ამის გაკეთება და მერე თავი დაანებეს. ‘’

თამრიკო ღვინაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის მკვიდრი:

,,არ ვიცი დეპუტატს რა ფუნქციები აქვს, არც მაინტერესებს. აღარ მჯერა, რომ ვინმე ჩვენთვის რამეს გააკეთებს. ახლაც ისე უიმედოდ ვარ, არჩევნებზე წასვლას არც ვაპირებ. წინა დეპუტატმა მომატყუა, დახმარებას დამპირდა და არ დამეხმარა. სტიქიის დროს სახლის ჭერი ჩამომენგრა, ხის მორები მაქვს შედგმული რომ მთლად არ ჩამოინგრეს. თინა ხიდაშელი აქ იყო, დახმარებას დამპირდა, მაგრამ მას მერე ჩემთან არავინ მოსულა. არცერთი დეპუტატი არაფერს აკეთებს ხალხისთვის. ჩემი აზრით, დეპუტატმა სოფლებში არსებული ყველა პრობლემა უნდა იცოდეს. ის მარტო თანამდებობისთვის არ უნდა იბრძოდეს და ხელფასს არაფერში იღებდეს. ის უნდა ფიქრობდეს ხალხის საცხოვრებელი და ყოფითი პირობების გაუმჯობესებაზე.’’