ამომრჩევლების მოსაზრებები ოლქების საზღვრების გადანაწილებაზე
რას ფიქრობენ თელავში მცხოვრები ამომრჩევლები საოლქო საზღვრების ახლებურად გადანაწილებაზე გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხულთა უმეტესობა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს და სიახლეს უარყოფითად აფასებს, ნაწილი კი, განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს.
თათია აივაზაშვილი, სტუდენტი, თელავის მკვიდრი:
,,საარჩევნო ოლქების გაერთიანება ვფიქრობ, ცუდ შედეგს მოიტანს, რადგან უკვე გამოიწვია მოსახლეობის დაბნეულობა. მაინც ვერ გავიგე სად მივცემ ხმას და სად ჩაითვლება და ვის სასარგებლოდ. გვითხრან და აგვიხსნან რა ხდება ამ მხრივ.’’
ნათია ცისკაძე, თელავის მკვიდრი:
,,არ ვიცი როგორ გადანაწილდა საზღვრები, არც ის ვიცი ადრე როგორ იყო. თუ მოსახლეობა არ დაინტერესდა და კითხვები არ დასვა, არავინ არაფერს ამბობს. ამდენ სატელევიზიო რეკლამებს, არ ჯობია საგანმანათლებლო რგოლები დაამზადონ რაც ამომრჩევლის ინფორმირებულობას უზრუნველყოფს? ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სარგებელი ნახონ და ალბათ ამიტომ გააკეთეს ესეც.’’
გივი სარალიძე, თელავის მკვიდრი:
,,არ გამიგია ეს ინფორმაცია და არც მაინტერესებს, რადგან ხალხისთვის არავინ არაფერს აკეთებს. ისევ მთავრობისთვის იქნება კარგი მეტი ხმების მოსაგროვებლად.’’
მაკა ასლანიშვილი, დიასახლისი:
,,ჩემი აზრით, ამ ცვლილების მიზანია ის რომ არჩევნებში გაიმარჯვონ, ამიტომ შეცვალეს ოლქების საზღვრები. ბევრი ჩემი მეზობელი და ახლობელი არ ფლობს ამაზე ინფორმაციას და არც ის იცის როგორ უნდა მოიქცეს საარჩევნო უბანზე მისვლისას, ძალიან დამაბნეველია ეს ყველაფერი, მითუმეტეს არვიცოდით თქვენგან გავიგეთ.’’
მანანა როსტომაშვილი, თელავის მკვიდრი:
,,როგორც ვიცი, ოლქების საზღვრები ამომრჩევლების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა ახლებურად. ტელევიზორში მოვისმინე, რომ ეს პრობლემას არ შეუქმნის მოსახლეობას და მეც მჯერა. შესაძლოა, არ გაამართლოს, მაგრამ არამგონია საგანგაშო იყოს რამე.’’
ნანა მენაბდიშვილი, დიასახლისი:
,,ამ სიახლის მიზანი რა არის არ ვიცი, მაგრამ მგონია კარგ შედეგს მოიტანს.’’
თენგიზ მამალაშვილი, მევენახე:
,,ვემხრობი სიახლეების განხორციელებას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიმართულია განვითარებისკენ რათა ჩამოვყალიბდეთ ძლიერ სახელმწიფოდ. მომწონს ეს ცვლილება, ჩემი აზრით, უფრო გაამარტივებს არჩევნების მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას.’’
ეთერ ოსიაშვილი, დიასახლისი:
,,საარჩევნო ოლქების ახლებურად გადანაწილებაზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ხმები სად და როგორ დაითვლება ჩემთვის არავის განუმარტავს. ამ საკითხზე დეტალურადაც არავის უსაუბრია, რომ გამეგო. ეს საკითხი ძალიან მაინტერესებს.’’
დავით დავითაშვილი, თელავის მკვიდრი:
,,პენსიონერი ვარ და ინფორმაციას რასაც ვიგებ ძირითადად, ტელევიზორიდან. მაგ საკითხზეც მოვისმინე პოლიტიკოსების გამოსვლები. ვფიქრობ, კარგი სიახლეა. იმედია, გაამართლებს ეს სისტემა და ხალხის დაბნევას არ გამოიწვევს საარჩევნო უბნებზე.’’
გელა ლალიაშვილი, თელავის მკვიდრი:
,,ისე აურიეს ყველაფერი, რომ თვითონაც შეიძლება ვერ გაერკვნენ რა გააკეთეს, ჩვენ ვინ რას გვეკითხება? როგორც აწყობთ ისე იქცევიან.’’