ოთარ კვირიკაშვილი–თუშ მეცხვარეებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან
როგორც კვირიკაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, ცენტრალურ ხელისუფლებაში გარკვეული ჯგუფი ექსპორტზე მონოპოლიით სარგებლობს და სომხეთიდან და რუსეთიდან შემოჰყავს ცხვარი, რომელიც არანაირ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
,,უცხოეთიდან შემოყვანილი ცხვარი საქართველოს გავლით გაჰყავთ არაბულ ქვეყნებში, იორდანიასა და საუდის არაბეთში, თუშური ცხვრის სახელით, რადგან იქ გაცილებით ძვირად ფასობს. სომხეთიდან და რუსეთიდან შემოყვანილმა ცხვარმა კი, რომელსაც კარანტინი და ლაბორატოლიური შემოწმება არ მოსთხოვეს, ქვეყანაში შემოიტანა ისეთი დაავადება, რომელიც 35 წელია ქართულ ცხვარს არ ჰქონია, მაგრამ ამ ადამიანებს ეს უღირთ, რადგან იქიდან ძალიან იაფად შემოჰყავთ პირუტყვი. სწორედ ამ სტანდარტების არქონის გამო იორდანიამ აგვიკრძალა ცხვრის ექსპორტი. დარჩა მხოლოდ საუდის არაბეთი. ამ დროს კი ადამიანთა ეს ჯგუფი თუშ მეცხვარეებს უწესებს ხელოვნურ ბარიერებს ცხვარზე, მატყლზე. სახელმწიფოც მხოლოდ ჩვენს ფერმერებს სთხოვს, რომ მათმა ცხვარმა გაიაროს ლაბორატორიული შემოწმება და თან საშინლად მაღალ ფასებში, რის შემდეგაც თვითღირებულება უჯდებათ გაცილებით მეტი. ისინი საერთაშორისო ბაზარზე ამ ფასების გამო კონკურენტუნარიანობას კარგავენ. კიდევ ერთი დიდი და მოუგვარებელი პრობლემა საძოვრებზე მიწების მონოპოლია და თითქმის გასამმაგებული გადასახადია. როცა შეიძლება ეს ყველაფერი ერთ კვირაში დარეგულირებულიყო. მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანთა ის წრე, ვინც წურბელასავით არის წამომჯდარი ამ ბიზნეს, სარგებელს ვეღარ ნახავდა’’, – განუცხადა Knews.ge–ს ოთარ კვირიკაშვილმა.
დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემის ასაკანონმდებლო დონეზე გადაჭრა, აღნიშნული ჯგუფი კი აღარ სარგებლობდეს პრივილეგიით, რაც ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს.
,,ამ ჯგუფს უნდა მოეხსნას პრივილეგიები, რომელიც წურბელასავით აზის არტერიაზე ცხვრის და მატყლის ექსპორტსა და იმპორტს. ასევე ლაბორატორიულ სინჯებში მეცხვარეებს არ უნდა ახდევინებდნენ კოლოსალურ თანხებს. დანარჩენს თვითონ ფერმერები და თავისუფალი ბაზარი დაარეგულირებს,’’– განაცხადა კვირიკაშვილმა.