ლევან დავითაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო
მინისტრმა რამდენიმე ღვინის საწარმოც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ყურძნის გადამუშავების პროცესს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, რთველი 2016 ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„წელს, მოსავლის დაბინავებას პრობლემა არ შეექმნება და არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 18 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. რთველი აქტიურ, ფაქტობრივად პიკურ ფაზას უახლოვდება. საამისოდ სრულად მობილიზებულია რთველის საკოორდინაციო შტაბი, მზად არის ტექნიკური საშუალებები და იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი რთველიც ორგანიზებულად ჩაივლის და წარმატებული იქნება“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18,3 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 8,9 ათასი ტონა საფერავი, 960 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. განვლილ დღ-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია.
ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 32 ღვინის კომპანია, მათ შორის 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15 მლნ ლარი მიიღეს. ამ ეტაპისთვის ყველა დიდი რაოდენიბის ყურძენი გადამუშავებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – 5,1 ათასი ტონა. კახეთის რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 4,5 ათასი ტონა, ყვარელი – 4 ათასი ტონა, თელავი – 3,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,1 ათასი ტონა, ახმეტა – 106 ტონა, ლაგოდეხი – 103 ტონა და საგარეჯო – 55 ტონა. ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე – 1 კგ-ზე – 0,45 ლარი; საფერავზე – 1 კგ-ზე – 0,20 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე – 1 კგ-ზე – 2 ლარი. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501. რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic და http://rtveli2016.gov.ge/statistic