“მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” თელავი-ახმეტის დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ ბეჟანოვი იქნება
კანდიდატის წარდგენა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში გაიმართა.
საარჩევნო ბლოკის ლიდერის, გოგი თოფაძეს განცხადებით, ბეჟანოვი განათლებული, ერთგული და შრომისმოყვარე ადამიანია, რომელიც მოსახლეობას არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
,,ნუგზარ ბეჟანოვი, რომელიც სოფელ ყარაჯლიდან არის, განათლებული და ერთგული კაცია. ის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს ამ სოფლისთვის და მუნიციპალიტეტისთვის. ეს არის კაცი რომელიც სუფთაა თავისი წარსულით. იმედი გვაქვს გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამის ერთ–ერთი მთავარ პრიორიტეტად ადგილობრივი წარმოებისა და ეკონომიკის განვითარებას ასახელებს.
მისი თქმით, საარჩევნო ბლოკის მთავარი აქცენტებია საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის უსაფრთხოება, საპენსიო უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა, სახელმწიფო სადაზღვევო სისტემის სრულყოფა, ჯანდაცვა, განათლება და ეროვნული ღირებულებები.
,,გადავწყვიტე პარლამენტში მოსვლა იმიტომ, რომ მინდა ჩემს ხალხს ვემსახურო. ქვეყნის განვითარებისთვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა ძლიერი, სტაბილური და განვითარებული ეკონომიკის არსებობა, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი კი, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის საშინაო პოლიტიკას უნდა ეფუძნებოდეს, რაც სახელმწიფო ხედვას და არჩევანს გულისხმობს. ქვეყნის წარმატებული საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის მოსახლეობისთვის ადეკვატური პენსიის დარიგება და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა”, – აღნიშნა ნუგზარ ბეჟანოვმა.