ახალი ამბები

საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა

დღეს ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის თბილისში ჩატარება საქართველოსადმი ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
8 სექტემბერს ნატოს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში იქნება რიგით მეოთხე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში.